წყალმომარაგების კომპანიაში არის ძალიან დიდი კორუფციული სქემები - კორუფციის მკვლევარები
სუსი-ი წყალმომარაგების კომპანიაში - კორუფციის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ საქართველოს წყალმომარაგების კომპანიაში სერიოზული კორუფციული სქემებია, რის გამოც საგამოძიებო უწყება კომპანიაში მანამდეც უნდა შესულიყო.
ქეთევან ენუქიძე დარწმუნებულია, რომ წყალმომარაგების კომპანიის საქმიანობაში დანაშაულის ნიშნები არსებობს და საგამოძიებო უწყება მანამდეც უნდა დაინტერესებულიყო.
წყალკანალში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უნდა შესულიყო აქამდეც, უნდა შესულიყო, როცა 2013-14 წლებში როცა გაჩნდა ქუთაისთან მიმართებით, იგივე სამცხე-ჯავახეთთან მიმართებით, მაშინ როცა ე.წ. ღარიბაშვილის კლანი იყო ამ პროცესებში ჩართული, მაშინვე უნდა ყოფილიყო და არა ეხლა, როცა ირიბი ხაზებით გახარიას ჯგუფთან ხდება ასოცირება გარკვეული ადამიანების. დანაშაულის ნიშნები და კორუფციის რისკები რომ იქნება ამ უწყებაში, ამაში ვარ დარწმუნებული", - ამბობს ქეთევან ენუქიძე.
კორუფციის ექსპერტი, ბესიკ დონაძე, ამბობს, რომ წყალმომარაგების კომპანიამ ბევრი პროექტი წამოიწყო, ფული დაიხარჯა, თუმცა საქმე ბოლომდე არ შეასრულა, რაც სერიოზულ ეჭვებს იწვევს.
მსგავსი ძალიან ბევრი პროექტი არის, როდესაც წყალზე თანხები დაიხარჯა, კონტრაქტები გაფორმდა, მაგრამ სამუშაოები ბოლომდე არ არის მიყვანილი. წყალმომარაგების კომპანიაში არის ძალიან დიდი კორუფციული სქემები და აქედან გამომდინარე, დაინტერესდა სუს-ი", - ამბობს ბესიკ დონაძე.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში ცოტა ხნის წინ შევიდა. ანტიკორუფციული დეპარტამენტის თანამშრომლები ტერიტორიაზე რამდენიმე საათის წინ გამოჩნდნენ. ტვ პირველის ინფორმაციით, დაკავებულია რამდენიმე პირი. საქმე ეხება დიდ კორუფციულ სკანდალს, სადაც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის რამდენიმე მაღალჩინოსანი ფიგურირებს.