ეუთო/ოდირის დოკუმენტს ჩვენთვის სამართლებრივი ღირებულება ვერ ექნება - კობახიძე

31.05.24 21:12
ეუთო/ოდირის დოკუმენტს ჩვენთვის სამართლებრივი ღირებულება ვერ ექნება - კობახიძე

ეუთო/ოდირის დოკუმენტი არ ეფუძნება არავითარ სამართლებრივ არგუმენტებს -ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კოახბიძე ამბობს, რომ დოკუმენტს, საქართველოს ხელისუფლებისთვის სამართლებრივი ღირებულება ვერ ექნება.

„ეუთო/ოდირის დოკუმენტს აქვს ზუსტად იგივე ფასი, რაც ვენეციის კომისიის დოკუმენტს. ეს არის სარეკომენდაციო დოკუმენტი და ჩვენ ვართ ვალდებული გავიზიაროთ მხოლოდ ისეთი შენიშვნები, რომლებიც ეფუძნება სამართლებრივ არგუმენტებს. ამ შემთხვევაში ეუთო/ოდირის დოკუმენტი არ ეფუძნება არავითარ სამართლებრივ არგუმენტებს, პრაქტიკულად იმეორებს ვენეციის კომისიის დასკვნას, რომლის მიხედვითაც გამჭვირვალობა არის ცუდი. ამ დროს ყველამ ვიცით, რომ გამჭვირვალობა არის ერთ-ერთი უმთავრესი ევროპული ღირებულება და გამჭვირვალობა ვერ იქნება ცუდი. იმ დოკუმენტს, რომელიც ამბობს, რომ გამჭვირვალობა არის ცუდი, ჩვენთვის ვერ ექნება სამართლებრივი ღირებულება. შესაბამისად, ჩვენ ვიმოქმედებთ იმ პრინციპების მიხედვით, რომელსაც თავიდანვე დაეფუძნა ევროპის კავშირი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ შეუთავსებელია დემოკრატიულ სტანდარტებთან და ადამიანის უფლებათა კანონთან - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ოფისი ODIHR წერს. 

ODIHR მოუწოდებს ხელისუფლებას გააუქმოს კანონი და გადადგას ნაბიჯები მისი კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად.