დონალდ ტრამპი გამამტყუნებელ განაჩენს გაასაჩივრებს - რას ამბობს ბაიდენი
დონალდ ტრამპი გამამტყუნებელ განაჩენს გაასაჩივრებს. ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა მანჰეტენში, „ტრამპ თაუერში“ სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
„თუ მათ შეუძლიათ ამის გაკეთება ჩემთვის, მათ შეუძლიათ ამის გაკეთება ნებისმიერისთვის“, – აღნიშნა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენის თქმით, ტრამპს ყველანაირი შესაძლებლობა მიეცა თავის დასაცავად, ნაფიცი მსაჯულები კი ხუთი კვირის განმავლობაში ისმენდნენ მტკიცებულებებს, რის შემდეგაც განაჩენი ერთსულოვნად გამოიტანეს და 34-ვე ბრალდებაში დამნაშავედ ცნეს.
„ყველას მსგავსად, ტრამპსაც აქვს შესაძლებლობა, გაასაჩივროს განაჩენი. ასე მუშაობს ამერიკული მართლმსაჯულების სისტემა“, – აღნიშნა ბაიდენმა თეთრ სახლში სიტყვით გამოსვლისას.
დონალდ ტრამპი, ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში პირველი პრეზიდენტი გახდა, რომელიც დამნაშავედ ცნეს. ნიუ-იორკის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ, ორდღიანი განხილვის შემდეგ, თეთრი სახლის ყოფილი ლიდერი წარდგენილ 34-ვე ბრალდებაში გაამტყუნა.
ტრამპისთვის დამტკიცებული დანაშაულების სპექტრი, მოიცავს ბიზნესთან დაკავშირებული დოკუმენტების გაყალბებასა და 2016 წლის არჩევნებამდე, პორნოვარსკვლავ სტორმი დანიელსისთვის დუმილის სანაცვლოდ თანხის გადახდას.
მოსამართლე ხუან მერჩანი განაჩენს 11 ივლისს, რესპუბლიკელების მხრიდან ტრამპის საპრეზიდენტო კანდიდატად წარდგენამდე რამდენიმე დღით ადრე გამოაცხადებს. 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც აშშ-ის 45-ე პრეზიდენტიც გეგმავს მონაწილეობის მიღებას, 5 ნოემბერსაა დანიშნული.
ბრალდებიდან გამომდინარე, მაქსიმალურ სასჯელის ზომად 4 წლით თავისუფლების აღკვეთაა განსაზღვრული. თუმცა, ძირითად შემთხვევებში, სასჯელი უფრო ხანმოკლეა, ანდაც მხოლოდ ფულად ჯარიმასა და პირობით ვადას ითვალისწინებს.
გამარჯვების შემთხვევაში, პატიმრობა ტრამპს საარჩევნო კამპანიის წარმართვასა და თანამდებობის დაკავებაში ხელს არ შეუშლის. ოფიციალურ განჩინებამდე ყოფილ პრეზიდენტს თავისუფლების აღკვეთა არ ემუქრება.