შსს-მ საქმე აღძრა ცინიკურად, რითაც ჩანს, რომ გომელაურის უწყება ბანდიტური ჯგუფების მფარველია - ბეჟაშვილი
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ბეჟაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მოძალადეთა ჯგუფების მფარველობაში ადანაშაულებს - ოპოზიციონერი პოლიტიკოსი პირდაპირ ამბობს, რომ ენმ-ის ცენტრალურ ოფისზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიების დაწყება 187-ე მუხლით არაადეკვატურია.
"ამაში ცხადად ჩანს, რომ შსს რეალური მფარველია ასეთი ბანდიტური ჯგუფების" - აცხადებს ბეჟაშვილი და გომელაურის უწყებას მუხლის გადაკვალიფიცირებისკენ მოუწოდებს.
ენმ-ის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებში მძიმე დანაშაულის ნიშნები იკვეთება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე აღძრა ცინიკურად სხვისი ქონების დაზიანების მუხლით. ამაში ცხადად ჩანს, რომ შსს რეალური მფარველია ასეთი ბანდიტური ჯგუფების, რომლებიც ბოლო ორი თვის განმავლობაში ატერორებენ საზოგადოებას. მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, გადაშალონ სისხლის სამართლის კოდექსი და ნახონ 225-ე მუხლი. ჯგუფური მოქმედების ორგანიზება ან ხელმძღვანელობა, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, იარაღის გამოყენება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა ანდა მათზე თავდასხმა. ფაქტია, რომ მთელი შემადგენლობა სისხლის სამართლის ამ მუხლის არის გუშინდელ ღამით თავდასხმის აქტში განხორციელებული", - ამბობს ლევან ბეჟაშვილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გულგრილობა ორგანიზებულ დანაშაულზე - გომელაურის უწყებამ "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში მხოლოდ მინის ჩამსხვრევა დაინახა და გამოძიებაც სხვისი ნივთის დაზიანების მუხლით დაიწყო. არადა სახეზეა სისხლის სამართლის უმძიმესი დანაშაულების მთელი კრებული. დანაშაული კი ჯგუფურად იყო ორგანიზებული, რაც დამამძიმებელი გარემოებაა.
ფაქტებით და კადრებით დგინდება, რომ ნაციონალური მოძრაობისას ოფისის დარბევაში 100-მდე ნიღბიანი ბანდის წევრი მონაწილეობდა. თავდასხმა ორგანიზებულად, რკინებით, ქვებით და ხის შუბებით მოხდა.