"ოცნება" კრემლის მიერ ნაცადი მეთოდებით პოლიტიკურ ოპონენტებთან ანგარიშსწორებას ცდილობს - "გირჩი-მეტი თავისუფლება" და "დროა" ენმ-ის ოფისის დარბევაზე
"გირჩი - მეტი თავისუფლება" და "დროა" ენმ-ის ცენტრალურ ოფისზე განხორციელებულ თავდასხმას ერთობლივი განცხადებით ეხმაურებიან.
ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ ძალადობრივი ქმედებები, რომელსაც "ისტერიაში და სასოწარკვეთილებაში" მყოფი ხელისუფლება ჩადის, რუსული მეთოდებით დაშინების მცდელობაა.
სასოწარკვეთილი და ისტერიაში მყოფი „ქართული ოცნება“ კრემლის მიერ ნაცადი მეთოდებით ცდილობს პოლიტიკურ ოპონენტებთან და კრიტიკულად განწყობილ ადამიანებთან ანგარიშსწორებასა და მათ დაშინებას. ამის ნათელი დემონსტრირებაა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისზე თავდასხმა და დარბევის მცდელობა.
სადარბაზოებთან ფიზიკური ანგარიშსწორება, აქციის მონაწილეების ცემა, კრიტიკული არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისების დარბევა, მუქარის ზარები - ეს ყველაფერი დაშინების სტრატეგიის ნაწილია, თუმცა ამ ყველაფერს საზოგადოებამ უპასუხა უპრეცედენტო ერთობით და მთელ მსოფლიოს აჩვენა, რომ კრემლის მეთოდები უძლურია და შეუძლებელია ამ გზით პროტესტის ჩახშობა. ხელისუფლების თითოეული სასოწარკვეთილი ნაბიჯი კიდევ უფრო გვაახლოებს რუსული რეჟიმის დასრულებასთან.
სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ ყველა იმ ადამიანს, ორგანიზაციას თუ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც რუსული რეჟიმის რეპრესიის სამიზნეა.
ჩვენ, პარტნიორებთან ერთად, ვიმუშავებთ თავდასხმაში მონაწილე ყველა პირის იდენტიფიცირებაზე, მათი და დამკვეთების შესახებ ინფორმაცია მიეწოდება ყველა საერთაშორისო პარტნიორს." - ნათქვამია განცხადებაში.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისს თავს შუაღამისას დაესხნენ - პარტიის შენობაზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერებით ირკვევა, რომ შენიღბული პირები კახეთის გზატკეცილზე ჯგუფურად გამოჩნდნენ.
ქვებით და ხის შუბებით კუნთმაგარმა ბიჭებმა ოპოზიციური პარტიის შტაბი ნამდვილ საბრძოლო პოლიგონად გადააქციეს. ჩაამსხვრიეს მინები და პარტიის წევრებზე ანგარიშსწორებით იმუქრებოდნენ.