"მართლა შოკი მაქვს. საგანგაშოა" - რას წერს თოლორაია კოკა კაციტაძის ლონდონში ვიზიტთან დაკავშირებით

03.06.24 12:48
"მართლა შოკი მაქვს. საგანგაშოა" - რას წერს თოლორაია კოკა კაციტაძის ლონდონში ვიზიტთან დაკავშირებით

"მართლა შოკი მაქვს. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი, მის თანამშრომლებთან ერთად, ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის დაფინანსებით, ლონდონში იმყოფება ევროპული გამოცდილების შესასწავლად. ამ სამსახურის უფროსს რომ პროფესიული თავმოყვარეობა არ აქვს, ეს ჩემთვის არახალია," - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ლონდა თოლორაია წერს.

ლონდა თოლორაიასთვის საგანგაშოა რამდენიმე ფაქტორი: ერთი, რომ ევროპაში მათი გამოცდილების გასაზიარებლად მიდის სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი, რომლის მოვალეობაც აქციებზე მომხდარი ძალადობრივი საქმეების გამოძიებაა და რაზეც ამ დრომდე რეალურად რეაგირება არ ჰქონია. 

"მართლა მაინტერესებს, რამე წითელი ხაზი ხო არსებობს? თუ რა გვგონია, რომ ეს შედეგი, რაც დღეს ქვეყანაში გვაქვს მხოლოდ იმ 84 კაცის ბრალია, ვინც ეს კანონი მიიღო?" - წერს თოლორაია და თითოეული საჯარო უწყების პასუხისმგებლობის გააზრების საჭიროებაზე საუბრობს.

მართლა შოკი მაქვს:) 

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი, მის თანამშრომლებთან ერთად, ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის დაფინანსებით, ლონდონში იმყოფება ევროპული გამოცდილების შესასწავლად:) 

ამ სამსახურის უფროსს რომ პროფესიული თავმოყვარეობა არ აქვს, ეს ჩემთვის არახალია. 

თუმცა, ამ ამბის მეორე მხარე უფრო  საგანგაშოა. ანუ, რა გავაკეთეთ: 
⭕️ ევროპაში წავიყვანეთ სამსახურის უფროსი, რომელიც პასუხისმგებელია აქციებზე მომხდარ ყველა ძალადობაზე, განსხვავებული აზრის მქონე ხალხის დევნაზე და დასისხლიანებაზე, რომელთაგან არც ერთზე (მათ შორის, ისეთზე სადაც მოძალადე იდენტიფიცირებულია) შედეგი არ დაუყენებია და არც თავი შეუწუხებია საზოგადოებისთვის რამე აეხსნა;
⭕️ ევროპაში წავიყვანეთ სამსახურის ხელმძღვანელი, რომელიც წესით სანქცირებულთა სიაში უნდა იყოს (და დიდი ალბათობით ადრე თუ გვიან იქნება), ზუსტად ახლა და ამ დროს, როცა მისი უმოქმედობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია იმისა, რომ ძალადობა არათუ წყდება ჩვენს ქვეყანაში, უფრო მძიმე სახეს იღებს;
⭕️ ევროპაში სამსახური იმ ,,უცხოური” ფულით წავიყვანეთ, რომლის ,,გამჭვირვალობის” გამო ხელისუფლებამ რუსული კანონი მიიღო, ხალხი დაასისხლიანა, სადარბაზოებთან თავ-პირი დაუმტვრია, სატელეფონო ზარებით ცხოვრება ჯოჯოხეთად უქცია და ამ დროს სამსახურის რეაქცია იყო/არის 0; 
⭕️ პლიუს, იმ ევროპული გამოცდილების გასაზიარებლად წავიყვანეთ, რომელიც არასოდეს გამოუყენებია და არც არაფერში გამოიყენებს (აქამდე თუ ვინმე ვერ ხვდებოდით, ახლა მგონი ყველა მიხვდით). 

მართლა მაინტერესებს, რამე წითელი ხაზი ხო არსებობს? თუ რა გვგონია, რომ ეს შედეგი, რაც დღეს ქვეყანაში გვაქვს მხოლოდ იმ 84 კაცის ბრალია, ვინც ეს კანონი მიიღო? იქნებ იმათი ბრალიცაა, ვინც უწყებებს დემოკრატიულობანას და ადამიანის უფლებების ფეიქ დაცვაში ან/და ფეიქ უწყებებს ლეგიტიმაციაში ეხმარებოდა და ეხმარება? აღარაფერი რომ აღარ ფუნქციონირებს ამ ქვეყანაში მაგიტომ მივედით აქამდე და ყველას ბრალია ეს, ვისაც ამაში რაიმე წვლილი აქვს.

რაც აქამდე ამ უწყების ,,განვითარებაში” დაიხარჯა, რაიმე შედეგი მივიღეთ? ერთი სერიოზული საქმე არაა იმ მუხლებით გამოძიებული, რომლისთვისაც ეს სამსახური რეალურად შეიქმნა. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ფაქტების საგამოძიებო სამსახურად ჩამოყალიბდა და ამ მუხლით გათვალისწინებული ყველაზე გახმაურებული ბოლო საქმეც შსს-მ წაართვა გამოსაძიებლად. 

და ამ ამბების მერე, ვითომ აქაც არაფერი, ისევ იგივე სპექტაკლს ვაგრძელებთ - ,,ვაძლიერებთ”. რაში ჯდება მართლა მაინტერესებს. ან საჯარო მოხელეებს რა მაგალითს ვაძლევთ? რომ სულ ერთია როგორები იქნებიან? ერთი ფასი აქვს კეთილსინდისიერ და არაკეთილსინდისიერ მოხელეს? ერთი ფასი აქვს მოხელეს, რომელიც სავარძელში უსირცხვილოდ ზის და იმასაც, ვინც არავინ იცის რის ფასად ახერხებს ბრძოლას? 

შემდეგ ჯერზე, იქნებ ხარება, ზონდერ დაჯგუფებების წევრები და ის 84 კაცი წავიყვანოთ ევროპაში გამოცდილების მისაღებად," - წერს ლონდა თოლორაია.

მსგავსი სიახლეები