ენმ-ს ოფისზე თავდამსხმელებს პოლიციის ეკიპაჟი აცილებს (ვიდეო)
თავდასხმა ენმ-ს ოფისზე - ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში სკანდალურ ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, როგორ ტოვებენ თავდამსხმელები ტერიტორიას 10-ობით ავტომობილით.
კადრებში პირდაპირი ჩანს, რომ პარტიის ოფისის ქვებით და ხელკეტებით დარბევის შემდეგ, ზონდერები შენობას ტოვებენ, მათ ავტომობილებში გადანაწილებას კი საპატრულო პოლიცია იქვე ელოდება.
ენმ-ს თავმჯდომარის თქმით, 100-მდე ადამიანიდან არცერთი არ დაუკავებიათ.
ენმ-ის ოფისზე თავდამსხმელები 10-ობით ავტომობილით ტოვებს ტერიტორიას, თავდასხმიდან 2 წთ-ში, "იდეალის" საპარკინგე სივრციდან. ვიდეოში გარკვევით ჩანს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, რომელიც აცილებს "ბანდიტების" ავტომობილებს და მხოლოდ ამის შემდეგ იძვრება ენმ-ის ცენტრალური ოფისისკენ, საიდანაც მიიღეს შეტყობინება ბანდფორმირების თავდასხმის შესახებ.
მე-4 დღეა და 100-მდე ადამიანიდან არცერთი არ დაუკავებიათ ... თავად მოაცილა და თავად გააცილა გომელაურის უწყებამ და შესაბამისად გასაგებია, რომ არაფერს გამოიძიებენ", - წერს ლევან ხაბეიშვილი.
ცნობისთვის, 1-ელ ივნისს, გამთენიისას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისს თავს რამდენიმე ათეული პირი დაესხა. მათ ხელკეტებითა და ქვებით პარტიის ოფისის ფანჯრები ჩაამსხვრიეს და კედლებზე სხვადასხვა შინაარსის წარწერები დატოვეს.