აშშ-ის კონგრესში MEGOBARI Act-ის მოსმენა დაიწყო

04.06.24 22:17
აშშ-ის კონგრესში MEGOBARI Act-ის მოსმენა დაიწყო

აშშ-ის კონგრესში MEGOBARI Act-ის მოსმენა დაიწყო. ჰელსინკის კომისიაში ამ წუთებში საქართველოსთან დაკავშირებით მსჯელობენ. შეკრებილებს წარმომადგენელთა პალატას კონგრესმენი და MEGOBARI Act-ის ავტორი ჯო უილსონი მიმართავს.

მოსმენაში მონაწილეობას მიიღებენ აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში უილიამ კორტნი, საქართველოს ყოფილი ელჩი ევროკავშირში ნატალია საბანაძე და ფონდ "ღია საზოგადოების" ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე. ისინი დეტალური მოხსენებით წარდგებიან კონგრესმენების წინაშე საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით და ისაუბრებენ რუსული კანონის მოსალოდნელ შედეგებზე. 

MEGOBARI აქტის ინიციატორი აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატის წევრი – რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონია და დღევანდელ სხდომასაც ის უძღვება.

MEGOBARI Act ამერიკის წარმომადგენელთა პალატაშია. ცნობილი ხდება საქართველოს შესახებ ჯო უილსონის მიერ მომზადებული დოკუმენტის ძირითადი დებულებები.

ჰელსინკის კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ MEGOBARI Act მიზნად საქართველოში დემოკრატიის განმტკიცებასა და კანონის უზენაესობის გაძლიერებას ისახავს.

დოკუმენტის ძალაში შესვლის შემთხვევაშიი, ამერიკაა საქათველოში რუსეთის სადაზვერვო აქტივებს გამოავლენს და დაასანქცირებს ყველას, ვინც ქვეყანაში დემოკრატიას ძირს უთხრის. გარდა ამისა, საუბარია დემოკრატიის მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის შექმნაზეც,  რათა მათ შორის გადამწყვეტი არჩევნები სამართლიან პირობებში ჩატარდეს.

MEGOBARI Act-ის ძირითადი დებულებებია:

  • დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერა: აქტი საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვის მიზნით აშშ-ის პოლიტიკას აცხადებს. იგი საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვან პროგრესს აღიარებს და რეგიონული სტაბილურობისა და აშშ-ის ინტერესებისთვის დემოკრატიის გაძლიერების მნიშვნელობას ხაზს უსვამს.
  • დემოკრატიული უკან დახევის განხილვა: საქართველოში დემოკრატიის ბოლოდროინდელი უკანდახევის საპასუხოდ, აქტი საქართველოს მთავრობასა და რუსეთთან და სხვა ავტორიტარულ რეჟიმებთან მის კავშირებზე უფრო მეტ ზედამხედველობას მოითხოვს.
  • ანგარიშგება და სანქციები: კანონი ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად რამდენიმე მოხსენებას მოითხოვს.
  • არასათანადო გავლენა და სანქციების თავიდან აცილება: ანგარიშები საქართველოში კორუფციული პრაქტიკის შესახებ, რომელიც რუსეთის ინტერესებს და სანქციების თავიდან აცილებას მხარს უჭერს.
  • რუსეთის სადაზვერვო აქტივები: საქართველოში რუსული დაზვერვის შეღწევისა და ჩინეთთან პოტენციური თანამშრომლობის შეფასება.
  • სანქციები ქართველ ფიზიკურ პირებზე: იმ პირების იდენტიფიცირება, რომლებიც საქართველოში დემოკრატიას ძირს უთხრიან და მათთვის სანქციებისა და მოგზაურობის აკრძალვების დაწესება.
  • დემოკრატიის მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის შექმნა: საქართველოში დემოკრატიული გარემოს მონიტორინგისა და ხელშეწყობის მიზნით სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, განსაკუთრებით არჩევნების დროს, რათა სამართლიანი და თავისუფალი საარჩევნო პროცესები უზრუნველყოფილი იყოს.
  • ორმხრივი ურთიერთობებისა და მხარდაჭერის გაძლიერება: საქართველოში მნიშვნელოვანი დემოკრატიული პროგრესის დადასტურების შემდეგ, კანონი აშშ-ის შემდგომ დახმარებას განსაზღვრავს, მათ შორის: საქართველოსთან უფრო შეღავათიანი სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმების შესახებ მოლაპარაკებები;
  • ადამიანთა შორის გაცვლის გაფართოება და სავიზო რეჟიმის გამარტივება;
  • ეკონომიკური და მოდერნიზაციის პაკეტის შემუშავება;
  • რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გასაწევად უსაფრთხოებისა და თავდაცვითი მხარდაჭერის უზრუნველყოფა.
  • ჰელსინკის კომისიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ კანონპროექტის თანასპონსორები კონგრესმენები: რობერტ ადერჰოლტი (ალაბამა), ემანუელ კლივერი (მისური), ჯიმ კოსტა (კალიფორნია) და შეილა ჯექსონ ლი (ტეხასი) არიან.

MEGOBARI Act დოკუმენტი საერთაშორისო გამოცემა Foxnews-მა მოიპოვა, რომელიც ასახავს სავიზო აკრძალვის გადაუდებელ განხილვას მაღალჩინოსნებისა და მათი ოჯახებისთვის, რომლებიც "მატერიალურად ან პირდაპირ პასუხისმგებელნი არიან პარლამენტში ბოლოდროინდელი რუსული კანონის ადვოკატირებაზე, მიღებასა და პოტენციურ ამოქმედებაზე". 

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს სანქციების დაწესებას ქვეყნის პოლიტიკური ან სამთავრობო ხელმძღვანელობის, ბიზნეს წრეების, სამართალდამცავი და უშიშროების სამსახურების ადამიანებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან "რუსული სტილის უცხოელი აგენტების კანონმდებლობის წინსვლაზე ან კანონიერი სახალხო ან სამოქალაქო საზოგადოების ოპოზიციის შელახვაზე ან ჩახშობაზე". აგენტების კანონზე პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირების გარდა, კანონპროექტი ასევე სთხოვს აღმასრულებელ ხელისუფლებას მოამზადოს ანგარიში უკრაინასთან დაკავშირებული სანქციების თავიდან აცილების შესახებ საქართველოში, ისევე როგორც ანგარიში ქვეყანაში რუსული დაზვერვის აქტივების შესახებ.  

კანონპროექტის თანახმად, ამოქმედებიდან 60 დღის ვადაში სახელმწიფო მდივანმა უნდა დაადგინოს ის ძირითადი პირები, რომლებიც იმყოფებიან საქართველოს მთავრობაში, მუშაობენ მის აგენტებად ან მისი სახელით, ან სხვაგვარად აქვთ ძლიერი გავლენის მოხდენა ამ მთავრობის ქმედებებზე და „დააკისროს მატერიალური პასუხისმგებლობა საქართველოში დემოკრატიის, ადამიანის უფლებების ან უსაფრთხოების შელახვის ან დაზიანებისათვის“.

მსგავსი სიახლეები