საქართველოში მაიდანს და უკრაინიზაციას არ დავუშვებთ - კობახიძე
"ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოში მაიდანი და უკრაინიზაცია არ დავუშვათ" - ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრის დროს გააკეთა.
პრემიერმა მაიდანის მოვლენებში ჩართული პირები უკრაინის მიწების რუსეთისთვის ჩაბარებაში დაადანაშაულა და პირდაპირ თქვა, რომ საქართველოს ტერიტორიების რუსეთის მიერ 20%-ით ოკუპირება იგივე ადამიანების ბრალია.
"ნაცვლად იმისა, რომ საკუთარ საქციელზე პასუხისმგებლობას იღებდნენ, დღეს საქართველოს ემუქრებიან მაიდანით" - დასძენს კობახიძე და ფაქტს "შემაშფოთებელს" უწოდებს.
მუდმივად გვახსენებენ მაიდანს. მე მინდა შეგახსენოთ, რა მოუტანა მაიდანმა უკრაინას. მაშინ უკრაინაში ხელისუფლება გარედან დაინიშნა და ასეთ დროს, როდესაც ქვეყანაში გარედან ნიშნავ ხელისუფლებას, ქვეყანაზე უნდა აიღო პასუხისმგებლობა. თუმცა, უკრაინაში რაც მოხდა ყველამ ძალიან კარგად ვიცით. მანამდე უკრაინა იყო ქვეყანა, რომელსაც ჰქონდა ტერიტორიული მთლიანობა, რომელიც ეკონომიკურად იყო აღმავლობის გზაზე, ეკონომიკა იყო თითქმის 200 მილიარდი დოლარი, დღეს, ქვეყანა არის განადგურებული, ეკონომიკა არის უმძიმეს, კატასტროფულ მდგომარეობაში, რუსეთმა განახორციელა ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია, ათი ათასობით ადამიანია დაღუპული, ასობით ბავშვია დაღუპული, ამაზე ვინ იღებს პასუხისმგებლობას? და როდესაც ჩვენ დღეს, გვახსენებენ მაიდან საქართველოს კონტექსტში, ჩვენ კითხვა უნდა დავსვათ, ვინ იღებს პასუხისმგებლობას იმ შედეგებთან დაკავშირებით, რაც უკრაინას მოუტანა მაიდანმა და რაც ასეთმა პროცესებმა შეიძლება მოუტანოს საქართველოში? ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოში მაიდანი და უკრაინიზაცია არ დავუშვათ. მეორე ფრონტი არის ის, რასაც ჩვენ არ დავუშვებთ ჩვენ ქვეყანაში.
რაც შეეხება რუსეთისთვის ჩაბარებას, ვინც საუბრობდა მაიდანზე, ზუსტად იმ ადამიანებმა ჩააბარეს უკრაინის ტერიტორიების 20% რუსეთის ფედერაციას და იგივე ადამიანებმა ჩააბარეს საქართველოს ტერიტორიის 20% რუსეთის ფედერაციას.
მე სერიოზულად ვსაუბრობ. კონკრეტულმა ადამიანებმა უკრაინის ტერიტორიების 20% ჩააბარეს რუსეთის ფედერაციას, კონკრეტულმა ადამიანებმა ათი ათასობით ადამიანი შესწირეს ომს და ეს ყველაფერი მოჰყვა მაიდანს. ეს ადამიანები, ნაცვლად იმისა, რომ საკუთარ საქციელზე პასუხისმგებლობას იღებდნენ, დღეს საქართველოს ემუქრებიან მაიდანით, ეს არის აღმაშფოთებელი, შემაშფოთებელი“, - განაცხადა კობახიძემ.