სანქციებზეც გვქონდა საუბარი და კამერონმა მითხრა, რომ ამ საკითხებზე თავის გუნდთან მსჯელობა ექნება - ვაშაძე
რა გზავნილები მოდის დიდი ბრიტანეთისგან? - "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე "დღის ამბების" ეთერში საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გაერთიანებული სამეფოს მთავარ მესიჯებს აჟღერებს.
"გამარჯვების კოალიციის" ერთ-ერთი ლიდერი აცხადებს, რომ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის დროს რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატების სამომავლო დასანქცირებასთან დაკავშირებით ისაუბრეს.
"კამერონმა მითხრა, რომ ამ საკითხებზე თავის გუნდთან მუშაობა, მსჯელობა ექნება" - ამბობს ვაშაძე და იქვე ამატებს, რომ ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორები ერთადერთ ხსნად 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს მიიჩნევენ.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ევროინტეგრაციის პროცესში ხელის შეშლისთვის ოლიგარქის გუნდს ადანაშაულებს და დასძენს, რომ "ოცნებამ" საქართველოს ევროპის დიდ ოჯახში გაწევრიანების გზა "გააჩერა".
როგორც ამერიკა, ასევე ბრიტანეთი ძალიან კარგად ხედავს, რომ "ქართულმა ოცნებამ" გადაუხვია დასავლური ინტეგრაციის გზას. ღიად ვთქვათ, რომ ევროინტეგრაციის პროცესი, ფაქტობრივად, გაჩერებულია. გაჩერებული იქნება მანამ, სანამ ეს პოლიტიკური ძალა თავის დანაშაულებრივი სისტემით იქნება ხელისუფლებაში. ვილაპარაკეთ, თუ რა გამოსავალია. პირველ რიგში, ყველა უყურებს 26 ოქტომბრის არჩევნებს, რომელიც, ფაქტობრივად, გეოპოლიტიკურ არჩევნებად არის შეფასებული ყველგან და აქ გადაწყდება საქართველოს ბედი. ერთი მხრივ, მზაობა არის, რომ ეკონომიკურ განვითარებაში დაგვეხმარონ, მაგრამ მეორე მხრივ, ახლოს არის მძიმე ნაბიჯები საქართველოსთან მიმართებით. სანქციებზეც გვქონდა საუბარი. ბრიტანეთი დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებას და მითხრა, რომ ამ საკითხებზე თავის გუნდთან მუშაობა, მსჯელობა ექნება", - ამბობს ვაშაძე.
სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსული კანონის მხარდაჭერისთვის სანქციების პირველი პაკეტი გამოაცხადა. სანქციების პირველი ტრანში 30-მდე პირს შეეხო. სანქცირებულთა შორის არიან დეპუტატები, "ოცნების" წევრები, მათ შორის სამართალდამცავებიც და კერძო მოქალაქეებიც.
"ოცნების" წევრები, დეპუტატები, სამართალდამცავები, კერძო მოქალაქეები - ვინ მოხვდა სახდეპის სანქცირებულთა სიაში?
მილერის თქმით, აშშ არ გამორიცხავს დამატებით სანქციებს. მილერის თქმით, სანქციების პირველი ტრანში მხოლოდ რუსული კანონის გამო არ ამოქმედებულა, ეს ეხება ყველა იმ დარღვევას, რაც ბოლო დროს მოხდა, მათ შორის ძალადობრივი გზით საპროტესტო აქციების მონაწილეების დარბევას.