"ოცნება" უვიცია, ამიტომ ჩათვალა, რომ ის სტრატეგიული მოთმინება, რომლითაც აშშ უყურებდა, სისუსტის ნიშანი იყო - სამადაშვილი
"ლელო საქართველოსთვის" წევრი, სალომე სამადაშვილი ოლიგარქის გუნდის წარმომადგენლებს "უვიცებს" უწოდებს და "დღის ამბების" ეთერში აცხადებს, რომ "ქართულმა ოცნებამ" სტრატეგიული პარტნიორების კეთილგანწყობა ქვეყნისთვის საზიანოდ გამოიყენა.
"ჩათვალეს, რომ ის სტრატეგიული მოთმინება, რომლითაც ევროპა და აშშ უყურებდა, ეს იყო სისუსტის ნიშანი" - ამბობს სამადაშვილი და იქვე ამატებს, რომ მმართველი პარტია ამ დრომდე ვერ ხვდება, თუ "სად შევიდა".
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს "თავხედურს" უწოდებს და დასძენს, რომ დასავლელი მეგობრების დადებითი დამოკიდებულების მიუხედავად, "ოცნებამ" ამერიკის ელჩი, "ფაქტობრივად, გალანძღა".
დიპლომატიური ზეწოლის მექანიზმები არის სხვადასხვა სიმძიმის. "ოცნება" ძალიან დიდი ხანია თავხედურად იქცევა. ანაკლიის პორტი ჩაშალეს და ჩინელებს გადაულოცეს. მიშელის შეთანხმება მინდა შეგახსენოთ, რომელიც, ფაქტობრივად, ფანჯრიდან გადააგდეს. ლანძღეს, ფაქტობრივად, უშვერი სიტყვებით ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი და სხვადასხვა წარმომადგენლები. მათ ჩათვალეს, რომ ის სტრატეგიული მოთმინება, რომლითაც ევროპა და აშშ უყურებდა, ეს იყო სისუსტის ნიშანი. სინამდვილეში ასე ჩათვალეს, რადგან უვიცები არიან, ძალიან ბევრი რამ არ იციან და ვერ ხვდებიან, სად შევიდნენ", - ამბობს სამადაშვილი.
სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსული კანონის მხარდაჭერისთვის სანქციების პირველი პაკეტი გამოაცხადა. სანქციების პირველი ტრანში 30-მდე პირს შეეხო. სანქცირებულთა შორის არიან დეპუტატები, "ოცნების" წევრები, მათ შორის სამართალდამცავებიც და კერძო მოქალაქეებიც.
"ოცნების" წევრები, დეპუტატები, სამართალდამცავები, კერძო მოქალაქეები - ვინ მოხვდა სახდეპის სანქცირებულთა სიაში?
მილერის თქმით, აშშ არ გამორიცხავს დამატებით სანქციებს. მილერის თქმით, სანქციების პირველი ტრანში მხოლოდ რუსული კანონის გამო არ ამოქმედებულა, ეს ეხება ყველა იმ დარღვევას, რაც ბოლო დროს მოხდა, მათ შორის ძალადობრივი გზით საპროტესტო აქციების მონაწილეების დარბევას.