კობახიძემ მთელი ძალადობრივი სისტემა შეკრიბა, რომ ლექციაზე შესულიყო, ეს არის მონების ხვედრი - ხასაია
"გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრი, გელა ხასაია რუსული კანონის მხარდამჭერ პრემიერს მონას უწოდებს და "პირველებთან" აცხადებს, რომ კობახიძე სწორედ ის ადამიანია, რომელიც საკუთარ სტუდენტებზეც კი ძალადობს.
"მთელი ძალადობრივი სისტემა შეკრიბა, რომ ლექციაზე შესულიყო" - ამბობს ხასაია და იქვე ამატებს, რომ "ეს მონების ხვედრია".
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დასძენს, რომ ახალგაზრდები ყველა იმ დეპუტატს, რომელსაც ქვეყანა ოკუპანტი რუსეთისკენ მიჰყავს, მაქსიმალურ დისკომფორტს შეუქმნიან.
გვინდოდა, კობახიძისთვის გვეთქვა, რომ ის არის მონა, მოძალადე ახალგაზრდებზე, მათ შორის, მის სტუდენტებზე. თუმცა ჩვენ დავინახეთ ის, რომ კობახიძემ ვერც კი გაბედა, რომ ადამიანების ახლოს მაინც გაევლო. ლაჩრულად შეიპარა შიგნით. მთელი ძალადობრივი სისტემა შეკრიბა, რომ ლექციაზე შესულიყო. მსოფლიოში მე მსგავსი რამ არ მახსოვს, რომ პრემიერს უწევდეს ლექციის ჩატარება ასეთი მობილიზების ფონზე. ეს არის მონების ხვედრი. კობახიძე არ არის ერთადერთი, ყველა იმ მონას ასე მოუწევს, რომლებიც ქვეყანას რუსეთისკენ მიათრევენ", - ამბობს ხასაია.
პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ლექციის დასრულების შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი პროტესტის და შეძახილების ფონზე დატოვა. ახალგაზრდები სკანდირებდნენ "მონა," "მოღალატე".
რუსული კანონის მხარდამჭერი პრემიერი უნივერსიტეტიდან უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების დაცვით გააცილეს. პრემიერი არ გამოჩნდა, თუმცა მის სამთავრობო ესკორტს სირცხვილის კორიდორში გავლა მოუწია.