"მოვეფერეთ, ცოტა დავლიეთ" - ინჯია მოსკოვში რუსულ კანონზე ვეტოს დაძლევამდე იმყოფებოდა

10.06.24 17:39
"მოვეფერეთ, ცოტა დავლიეთ" - ინჯია მოსკოვში რუსულ კანონზე ვეტოს დაძლევამდე იმყოფებოდა

"ევროპელი სოციალისტების" ლიდერი "პირველებთან" არ უარყოფს ფაქტს, რომ მოსკოვში იმყოფებოდა და  პარტია  „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ საერთაშორისო მდივანს, მამუკა ფიფიას შეხვდა. 

"ყველგან დავდივარ, სადაც მაქვს  სურვილი" - უთხრა "პირველებს" დეპუტატმა. 

ინჯია ამტკიცებს, რომ ოკუპანტ ქვეყანაში ბიზნესინტერესები არ აქვს და ის მოსკოვში გასართობად დადის. 

"დაბადების დღეზე, მუზეუმში, კაი რესტორანში. მოვეფერეთ, ცოტა დავლიეთ და დამთავრდა. სანქციები სრულიად არ მაინტერესებს"- დასძინა მან. 

დეპუტატს არც ის უქმნის უხერხულობას, რომ რუსეთი ჩვენი ქვეყნის ოკუპანტია და 2008 წელს საქართველოს მოქალაქეები დახოცა. მისივე მტკიცებით, 2008 წელს "ეს ყველაფერი აშშ-მ მოაწყო."

"ეს ყველაფერი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გააკეთა. იმიტომ დავდივარ (მოსკოვში) რომ ყველაფერი დავარეგულიროთ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ასეთი მძიმე მდგომარეობა არ იყოს"- დასძინა დეპტატმა. 

 ფრიდონ ინჯია მოსკოვში სავარაუდოდ  23 მაისს, რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევამდე იმყოფებოდა და პრორუს პოლიტიკოსს შეხვდა. ფოტოს ფრიდონ ინჯიასთან ერთად,  პარტია  „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ საერთაშორისო მდივანმა, მამუკა ფიფიამ გამოაქვეყნა. 

ფიფია, რუსი კომუნისტი დეპუტატის გავრილოვის ახლო მეგობარია, ის ახლად შექმნილი, პრორუსული პარტიის  საერთაშორისო მდივანია. ეს პარტია 2023 წლის დეკემბერში საქართველოში დაფუძნდა და პრორუს პოლიტიკოსებს აერთიანებს.

 

მსგავსი სიახლეები