ძალადობის წყაროა ის ჯგუფი, რომელშიც ზუკა ბერძენიშვილია გაერთიანებული - გია ვოლსკი
ძალადობის წყაროა ის ჯგუფი, რომელშიც ზუკა ბერძენიშვილია გაერთიანებული - ასე ეხმაურება ზუკა ბერძენიშვილის ცემის ფაქტს ქართული ოცნების დეპუტატი, გია ვოლსკი.
უმრავლსეობის წევრი ამტკიცებს, რომ თბილისის ცენტრში მომხდარ სასტიკ ანგარიშსწორებასთან შალვა პაპუაშვილის წერილს შეხება საერთოდ არ აქვს.
რეალურად, საშინელება ისაა, რომ ისინი თავის მიზანს აღწევენ. ნაცემი ზუკა ბერძენიშვილი სწორედ ეს მიზანია, რომელიც გარკვეულ ჯგუფებს დასახული აქვთ - რომ აგრესიას აუცილებლად მოჰყვება აგრესია. ეს კარგად იციან და მუდმივად, ყოველდღიურად, ინტენსიურად აწარმოებენ იმ პოლიტიკასა და სტრატეგიას, რომ როგორმე, საზოგადოებაში დაძაბულობა არ მოიხსნას. და თუ ეს ფიზიკურ ძალადობაში გადადის, მათთვის ეს მთავარი ამოცანა და მიღწევაა. რასაკვირველია, ძალადობა, ვისზეც და რომელი მხრიდანაც არ უნდა იყოს, დასაგმობი და ასალაგმია.
ნუ ამბობთ ეგრე, რომ შალვა პაპუაშვილმა პოსტი გამოაქვეყნა და ამით ვიღაცას რაღაცაზე მიუთითა. ძალადობა წარმოშობს ძალადობას და ძალადობის წყაროა იმ ადამიანთა ჯგუფი, რომელშიც, მათ შორის, ზუკა ბერძენიშვილია გაერთიანებული"- თქვა დეპუტატმა.
ზუკა ბერძენიშვილს საკუთარ სახლთან ფიზიკურად რამდენიმე საათის წინ გაუსწორდნენ. სამოქალაქო აქტივისტს ჩასაფრება სამმა კაცმა მოუწყო. როგორც თავად ბერძენიშვილი ამბობს, ცემისას მას სიცოცხლის მოსპობითაც დაემუქრნენ.