დანიგანი: შეზღუდვის პირველი ტრანში უკვე განხორციელდა და იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ვიზა, ეცნობათ, რომ მათი ვიზა ვალიდური აღარ არის
"შეზღუდვის პირველი ტრანში უკვე განხორციელდა და იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ვიზა, ეცნობათ, რომ მათი ვიზა ვალიდური აღარ არის და მათ ვისაც არ აქვთ ვიზა, ვეღარ მიიღებენ მას," - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის ელჩი რობინ დანიგანი საუბრობს.
"ინტერპრესნიუსთან" ინტერვიუში ელჩი პირდაპირ ამბობს, რომ შეზღუდვის პირველი ტრანში უკვე განხორციელდა და აანონსებს, რომ თუ საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯები არ შეიცვლება, "დიდი ალბათობით, კიდევ იქნება შემდგომი შედეგები".
ვისურვებდი საქართველოს ხელისუფლების მიერ კურსის ცვლილების ხილვას და მათ მიერ ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რომ ჩვენ აღარ დაგვჭირდეს მეტი შეზღუდვების დაწესება. არის ეს მიმართული საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ? ვცდილობთ თუ არა ქართველი ხალხის დასანქცირებას? ცალსახად არა! ჩვენ გვსურს საუკეთესო ამ ქვეყნისთვის და გვსურს, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს" - ამბობს ელჩი.
დანიგანის თქმით, იმ დროს, როცა ის საქართველოში ჩამოვიდა და კელი დეგნანი შეცვალა, ჰქონდა ინფორმაცია, რომ იყო "გარკვეული გამოწვევები ჩვენს ურთიერთობაში", მისი მიზანი იყო, რომ ემუშავა საქართველოს ხელისუფლებასთან, "რათა დავბრუნებოდით ამ მდიდარი პარტნიორობის კურსს, რომელიც გვაქვს". როგორც ელჩი ამბობს, თავიდან იყო გარკვეული პროგრესი, თუმცა ბოლო თვეებში საქართველოს ხელისუფლების ქმედებები მისი შეფასებით "შემაშფოთებელია".
პირველი რაც გავაკეთე, ჩავედი ბრიუსელში და რეკომენდაცია გავუწიე საქართველოს, რომ მას მიეღო კანდიდატის სტატუსი, რასაც ვაშინგტონი ასევე უჭერდა მხარს. ევროკავშირმა, რომელიც, რა თქმა უნდა, პასუხისმგებელი იყო გადაწყვეტილების მიღებაზე, ჩემი გადმოსახედიდან, მიიღო დიდებული გადაწყვეტილება. ვფიქრობ, რომ კარგად მივდიოდით, რაც იყოს ახალი დასაწყისი ჩვენი ურთიერთობებისთვის, მაგრამ უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებამ გადადგა ნაბიჯები, რაც უკიდურესად შემაშფოთებელია. ერთ-ერთი მათგანი არის დეზინფორმაცია და ნეგატიური რიტორიკა დასავლეთის წინააღმდეგ, კიდევ ერთი მაგალითი არის „უცხოური აგენტების“ კანონი, რაც გვჯერა, რომ არის ქართველი ხალხის გაცხადებული მისწრაფებების საწინააღმდეგო. კიდევ ერთი ნაბიჯი არის ძალადობისა და დაშინების შემთხვევები მშვიდობიანი აქციის მონაწილეების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების წინააღმდეგ. ყველა ამ ნაბიჯმა მიგვიყვანა სამწუხარო გარემოებამდე, სადაც ახლა ვართ - ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სავიზო შეზღუდვები დააწესა. მსურს კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ არავის ამერიკის შეერთებულ შტატებში არ გვსურს ამის გაკეთება. ჩვენ გვსურს დავუბრუნდეთ პოზიტიურ პარტნიორობას საქართველოს ხელისუფლებასთან, მაგრამ უკანასკნელმა ქმედებებმა მიგვიყვანა იქამდე, რომ სახელმწიფო მდივანმა განსაზღვრა, რომ იმ პირებსა და მათ ოჯახის წევრებზე, რომლებსაც წვლილი მიუძღვით ამ ქმედებებში, რაც ძირს უთხრის დემოკრატიას, ავრცელებს დეზინფორმაციას, ძალადობს მოქალაქეების წინააღმდეგ, რომ მათ შეეზღუდებოდათ ამერიკაში შესვლა. როგორც აღნიშნეთ, შეზღუდვის პირველი ტრანში უკვე განხორციელდა და იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ვიზა, ეცნობათ, რომ მათი ვიზა ვალიდური აღარ არის და მათ ვისაც არ აქვთ ვიზა, ვეღარ მიიღებენ მას. სახელმწიფო მდივანი ძალიან მკაფიო იყო, რომ, დიდი ალბათობით, კიდევ იქნება შემდგომი შედეგები. უნდა მომხდარიყო თუ არა ეს? არა! ვისურვებდი საქართველოს ხელისუფლების მიერ კურსის ცვლილების ხილვას და მათ მიერ ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რომ ჩვენ აღარ დაგვჭირდეს მეტი შეზღუდვების დაწესება. არის ეს მიმართული საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ? ვცდილობთ თუ არა ქართველი ხალხის დასანქცირებას? ცალსახად არა! ჩვენ გვსურს საუკეთესო ამ ქვეყნისთვის და გვსურს, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს. შედეგები, რომლებიც ხელისუფლების ქმედებებს ჩვენი მხრიდან მოჰყვა, არის ხელსაწყო ქმედების შესაცვლელად და არ არის განკუთვნილი საქართველოს მოსახლეობის დასასჯელად. ისინი ძალიან მიზანმიმართულია და ვიმედოვნებ, რომ ეს გაგზავნის სიგნალს იმისთვის, რომ ნეგატიური ქმედების შემობრუნება მოხდეს," - ამბობს დანიგანი.
რა იგულისხმება ორმხრივი ურთიერთობების გადახედვაში და მოხდება თუ არა ფინანსური დახმარებების შეჩერება ან სამხედრო თანამშრომლობის შეწყვეტა? - როგორც ელჩი ამბობს, აშშ-ის არ სურს ამ ნაბიჯის გადადგმა, თუმცა "ძალიან რთულია ძლიერი პარტნიორობის გაგრძელება ყველა ამ მიმართულებით, თუ ხელისუფლება მტრად განგვიხილავს".
ჩვენი მხარდაჭერა ეხმარება ადამიანებს შეზღუდული შესაძლებლობებით, ჩვენ ვეხმარებით დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების ოჯახებს, ვეხმარებით საავადმყოფოების თანამშრომლებს, დახმარებას ვუწევთ სკოლებს უმცირესობებით დასახლებულ ადგილებში, ჩვენ დავეხმარეთ საქართველოს თავდაცვის ძალების შექმნაში, გაწვრთნასა და აღჭურვაში, დავეხმარეთ სასაზღვრო დაცვის შექმნაში, გაწვრთნასა და აღჭურვაში, ჩვენ დავეხმარეთ საირიგაციო სისტემის შექმნაში. ეს არის პარტნიორობის უდიდესი ქსელი, რომელიც ამ ქვეყანაში შევქმენით და სახელმწიფო მდივანი ბლინკენი ძალიან მკაფიო იყო, რომ სამწუხაროდ, მთელი ეს დახმარება რისკის ქვეშ დგას. ჩვენ არ გვსურს ამის გაკეთება, მაგრამ ასევე ნათლად აღვნიშნეთ, რომ ძალიან რთულია ძლიერი პარტნიორობის გაგრძელება ყველა ამ მიმართულებით, თუ ხელისუფლება მტრად განგვიხილავს და საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წევრი გაკეთებულ ზოგიერთ განცხადებაში გვახასიათებს ჩვენ და ევროკავშირს როგორც მტერს.