კაკაურიძის მტკიცებით, კონკრეტული ადამიანების სავიზო შეზღუდვა ქვეყნის ეკონომიკაზე გავლენას ვერ იქონიებს
ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე ამტკიცებს, რომ აშშ-ს ვიზის შეჩერების შესახებ ინფორმაცია არ აქვს. მისი თქმით, არც იმაზე აქვს ინფორმაცია ვის შეეხო ან შეეხება სავიზო სანქციები.
ამასთან, მაღალჩინოსანი ირწმუნება, რომ ცალკეული პიროვნებების დასანქცირება ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე გავლენას ვერ იქონიებს.
ჩემზე პირადად მკითხეს და მე ეს ინფორმაცია არ მაქვს, რომ ან შემიჩერდა ვიზა, მაქვს მოქმედი ვიზა და არავის უთქვამს, რომ შემიჩერდა. რაც შეეხება ზოგადად პიროვნებებს, მე არ მაქვს ინფორმაცია ვის შეეხო ეს სანქციები ან ვის შეიძლება შეეხოს. მე რაც მოვისმინე ელჩისგან, ახსენა, რომ ქვეყნის ეკონომიკა არ უნდა დაზარალდეს, პირიქით, კომპანიების წაყვანას აპირებს, რომელიც აშშ- კომპანიებთან გარკვეულ ურთიერთობებს დაამყარებს. ეს პირიქით, დადებითად იმოქმედებს ქვეყნის ეკონომიკაზე. კონკრეტული ადამიანების სავიზო შეზღუდვა ქვეყნის ეკონომიკაზე გავლენას ვერ იქონიებს, - ამბობს გიორგი კაკაურიძე.
საქართველოში ამერიკის ელჩი ამბობს, რომ ვიზების გაუქმების შესახებ შეტყობინენები "ოცნების" სანქცირებულ წევრებს უკვე მიუვიდათ. მათ კი, ვისაც ვიზა არ აქვს, თუ მის აღებას გადაწყვეტენ, საელჩოში აღმოაჩენენ, რომ სანქცირებულია. ამერიკელი დიპლომატის განცხადებით, ამ სიაში არიან არა მხოლოდ დემოკრატიისთვის ძირის გამომთხრელები, არამედ მათი ოჯახის წევრებიც.