მორიგი იერიში აშშ-სა და ელჩ დანიგანზე - რატომ ხედავენ "ხალხის ძალის" უკან ივანიშვილის განზრახვას ოპოზიციაში?
"ქართული ოცნება" თვითგანადგურების რეჟიმშია - ასეთი შთაბეჭდილება შეუქმნა ოპოზიციას წერილმა, რომელიც შტატების წინააღმდეგ "ხალხის ძალამ" გამოაქვეყნა.
ხელისუფლების ოპონენტებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ "ოცნებიდან" ფორმალურად გამიჯნული დეპუტატები ივანიშვილის გზავნილებს ერთი-ერთში ახმოვანებენ და სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობის დასრულება სწორედ ქართველ ოლიგარქს უნდა, ეს კი განსაკუთრებით მას შემდეგ რაც ივანიშვილმა დასანქცირების ყველაზე მეტი საფრთხე იგრძნო.
როგორც "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე ამბობს, ივანიშვილის გზავნილები გაახმოვანა "ხალხის ძალამ", რადგან "ოცნების" საპატიო თავმჯდომარის მიზანია, რომ საქართველო დასავლეთს ჩამოაშოროს.
ეს არის რუსული ძალა, რომელიც ემსახურება რუსულ ინტერესებს, ეს არის ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი ფრთა, რომელიც ახმოვანებს რეალურად ბიძინა ივანიშვილის და ქართული ოცნების განზრახვებს, რომ ჩამოაშოროს საქართველო დასავლურ ცივილიზაციას და შეიყვანოს ჭაობში. ამას არ დავუშვებთ, ისინი ისევე გაქრებიან პოლიტიკური ველიდან, როგორც შარშანდელი თოვლი,“ - ამბობს მამუკა ხაზარაძე.
"ახალის" თანათავმჯდომარე ნიკა გვარამია აცხადებს, რომ როგორც არ უნდა ისაუბროს "ხალხის ძალამ" და "ქართულმა ოცნებამ" და როგორც არ უნდა დაემუქრონ დიპლომატებს, ხელისუფლების ცვლილება გარდაუვალია.
ამერიკული კვალის ძიება მთვარეზეც ბევრს დაუწყია და ასეთი კონსპირაციებიც მოგვისმენია. ხალხის ძალა სუსტი წარმოდგენა მაქვს, ვინ არის საერთო, ეს არის ქართული ოცნება თავისთავად ცხადია. რამდენიც არ უნდა ილაპარაკოს გლობალური ომის პარტიაზე და პირიქით, მუქარებზე, რომ ჩაწერილი ჰყავთ დიპლომატიური კორპუსიდან, რას ამბობენ ისინი ომთან დაკავშირებით, ეს არის მხოლოდ საკუთარი მდგომარეობის მხოლოდ გაუარესება, ეს არაფერს მოიტანს კარგს. დრო ქართულ ოცნებას ჯერ კიდევ აქვს, იმისთვის კი არა, რომ არჩევნებში წარმატებას მიაღწიოს, ეს დასრულებული ამბავია, ქართველები მათ არ აირჩევენ, იმისთვის, რომ საკუთარი თავი გადაირჩიოს,“ - ამბობს ნიკა გვარამია.
"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერისთვის თინა ბოკუჩავასთვის ნათელია, რომ ხელისუფლება უკვე ღიად დგას ანტიდასავლური პროპაგანდის სათავეში.
აქამდე ივანიშვილის პარტიას თავისი სატელიტების გამოყენებით პროპაგანდირებდა დეზინფორმაციას აშშ-ს და ზოგადად, დასავლეთის წინააღმდეგ, თუმცა ახლა ვხედავთ, რომ ის უკვე ღიად ჩადგა ანტიდასავლური პროპაგანდისტის როლში, ვგულისხმობ მთავრობას, ხელისუფლებას და ამას აკეთებს არა მხოლოდ იმგვარი სატელიტების გამოყენებით, როგორიცაა „ხალხის ძალა“, იმიტომ, რომ ეს გასაკვირი არ არის, მთავარია, ჩვენ ამ დეზინფორმაციას მოვერიოთ, ის დავამარცხოთ სიმართლით,“ - ამბობს თინა ბოკუჩავა.
ოლიგარქის სატელიტი პარტია საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებს თავს ესხმის - რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, რობინ დანიგანის გაკეთებულ განცხადებებს „უკიდურესად შეურაცხმყოფელს“ უწოდებენ.
"ხალხის ძალის" წარმომადგენლების სახელით გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ „ქართული ოცნებიდან“ ფორმალურად გასული პარტიას "2008 წლის ომში აშშ-ის როლზე სერიოზული კითხვები აქვთ".