ბოჭორიშვილი ამტკიცებს, რომ დასავლელი პარტნიორები გაბუტულები არიან

25.06.24 14:22
ბოჭორიშვილი ამტკიცებს, რომ დასავლელი პარტნიორები გაბუტულები არიან

საქართველოს კურსთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები უადგილოა და შეურაცხყოფს საქართველოს და ქართველი ხალხს - ასე პასუხობს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი ჯოზეფ ბორელს, რომელმაც საქართველოს ხელისუფლება და პირადად პრემიერი კობახიძე დეზინფორმაციაში ამხილა.

მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დასავლეთი გაბუტვაში დაადანაშაულა. 

საქართველოს და ქართველი ხალხის შეურაცხყოფა კი „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი დანაყოფებისთვის მოუშლელი ჩვევაა და აღარავის გვიკვირს ეს, მაგრამ ამ დეზინფორმაციული ნარატივის მოსმენა საქართველოს უმნიშვნელოვანესი პარტნიორების მხრიდან ასევე ადვილი მისახვედრია, ვის აძლევს ხელს. უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში პირველად არ ხდება უსაფუძვლო ბრალდებებით ქვეყნის გარედან საქართველოს კრიტიკის იმ ზომამდე მიყვანა, რაც ხელს აძლევს ოპოზიციას ხელისუფლების შანტაჟის და ქვეყნის რყევის გასაძლიერებლად.

დღეს საქართველოს პარტნიორების მხრიდან გაბუტვა და მუქარები კი არა, სერიოზული დიალოგი და მხარში დგომა სჭირდება, იმისთვის, რომ მშვიდობით და ღირსებით შევძლოთ საერთო მიზნის მიღწევა.