"პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს" - "ოცნება" ვენეციის კომისიის წინააღმდეგ
"ქართული ოცნება" ვენეციის კომისიას თავს ესხმის - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პათოსს, საერთაშორისო სამართლის ექსპერტებისთვის კომპეტენციის დაწუნებასთან დაკავშირებით, ივანიშვილის გუნდის სხვა წევრებიც იზიარებენ.
რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატი, ბექა ოდიშარია ამტკიცებს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია დამოუკიდებელია და 2024 წლის გადამწყვეტი არჩევნები ოლიგარქის ხელისუფლების პირობებში სამართლიანი იქნება.
ძალიან ბევრი ინსტიტუცია უკვე აანონსებს, რომ არ აპირებენ არჩევნების აღიარებას. ყოველ შემთხვევაში, მათ ქმედებებში ეს გამოსჭვივის. ამიტომ ჩვენ ზეგამჭვირვალე არჩევნები უნდა ჩავატაროთ და ასეთ შემთხვევაში ვერანაირ ორგანიზაციულ დემარშებს და საკითხის ხელშეშლას ვერ დავუშვებთ. ხდება პროპაგანდირება იმისა, რომ თითქოს, "ქართული ოცნება" არის რაღაცით კმაყოფილი და ხელში იგდებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. ეს არის აბსოლუტური ტყუილი", - ამბობს ოდიშარია.
"ქართული ოცნების" დეპუტატი, ლადო კახაძე ვენეციის დასკვნას პოლიტიზებულად მიიჩნევს და აცხადებს, რომ ბოლო დროის განმავლობაში გარკვეული ძალები კომისიაზე უარყოფითად ზემოქმედებენ.
მათ მიერ გამოგზავნილი რეკომენდაციები, ეს არ არის დირექტივა, სარგებლის შემცველი იყო. მე არ ვიცი რა ძალებმა იმოქმედა და რატომ იმოქმედა, მაგრამ გარკვეული დროის მერე, სამწუხაროდ, მან სამართლებრივი შეფასება პოლიტიკურ შეფასებად შეცვალა. რატომ გადავიდა პოლიტიკურ ყაიდაზე, ვერ გეტყვით", - ამბობს კახაძე.
უმრავლესობის წარმომადგენელი, გია ვოლსკი საქართველოს მოქმედ პრეზიდენტს თავს ესხმის და სალომე ზურაბიშვილს კოლექტიურ "ნაციონალურ მოძრაობად" მოიხსენიებს.
ვოლსკის თქმით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების საბოტაჟი ფარსია და ივანიშვილის ხელისუფლებას არჩევნების წარმატებულად წარმართვაში ხელს ვერავინ ვერ შეუშლის.
ამათ უნდათ, რომ ყველანაირი გადაწყვეტილება ცესკოში იქნეს ორი მესამედით. ანუ, საბოტაჟს თუ გამოაცხადებს ოთხი-ხუთი პარტიის წარმომადგენელი, პარტიები გადაწყვეტენ იმ თემას, რაც პროფესიონალურ სივრცეს ეხება. ეს არის მათი ამოცანა და ამ ამოცანაში სალომე ზურაბიშვილი იქცა მექანიზმად, რომელსაც იყენებს ნაცმოძრაობა და კოლექტიური ნაცმოძრაობის ეს თვალსაჩინო წარმომადგენლები", - ამბობს ვოლსკი.
"ქართულ ოცნებას" ვენეციის კომისიის" უმწვავესი დასკვნა წამოეწია. ვენეციის კომისია მწვავედ აკრიტიკებს იმ საკანონმდებლო ინიციატივას, რომლითაც "ოცნება" არჩევნების ჩატარებას აპირებს.
ვენეციის კომისია ძალიან შეშფოთებულია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მისი არცერთი რეკომენდაცია არ გაითვალისწინა, თუნდაც ნაწილობრივ.
კომისია კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ცვლილებები აშკარად არასაკმარისია კონსენსუსზე დაფუძნებული პოლიტიკური პროცესის უზრუნველსაყოფად, რაც გადამწყვეტია ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკოს) დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობისთვის და ამ ინსტიტუტის მიმართ საზოგადოების ნდობისთვის.
ევროპის სამართლის ექსპერტები აცხადებენ, რომ თუ "ოცნება" მათ რეკომენდაციებს არ გაითვალისწინებს, საარჩევნო ადმინისტრაცია ვერც დამოუკიდებელი და ვერც მიუკერძოებელი ვერ იქნება და ასეთ არჩევნებს ვერც საზოგადოების ნდობა ექნება.