ყოველთვის, როცა "ოცნება" პროგრესულ ნაბიჯებს დგამს, ოპოზიციას მაშველი რგოლივით ევლინება განცხადებები კრემლიდან - ოდიშარია
ყოველთვის, როცა "ოცნება" პროგრესულ ნაბიჯებს დგამს, ოპოზიციას მაშველი რგოლივით ევლინება განცხადებები კრემლიდან - ამის შესახებ "ოცნების" დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ, მარია ზახაროვას განცხადების საპასუხოდ განაცხადა.
ოდიშარიას თქმით, "ოცნება" რუსეთთან არანაირი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას არ აპირებს.
აზრზე არ ვარ, რა თქვა მარია ზახაროვამ. მარია ზახაროვას უსმენთ თქვენ. ყოველთვის, როცა "ოცნება" დგამს პროგრესულ ნაბიჯებს ევროპული მიმართულებით, ყოველთვის მარგინალ ოპოზიციას რაღაც მაშველი რგოლივით ევლინება განცხადებები კრემლიდან. ჩვენ არანაირი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას არ ვაპირებთ რუსეთთან, ვიდრე არ აღდგება ტერიტორიული მთლიანობა. ტერიტორიული მთლიანობა როგორც კი აღდგება, იმ წუთასვე შეგვიძლია, არა მხოლოდ ვისაუბროთ, არამედ აღვადგინოთ ტერიტორიული მთლიანობა, თუ ეს იქნება ხალხის ნება", - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
რუსეთი საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისთვის მზადაა - რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ 26 ივნისის ბრიფინგზე თქვა, რომ რუსეთი მზად იქნება და მხარს დაუჭერს ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც თბილისსა და მოსკოვს შორის ურთიერთობის ნორმალიზაციისკენ მიდის.