ხელისუფლებაში გვყავს ივანიშვილის რუსული ბანდა და ამ ბანდას კონტაქტები აქვთ რუსეთთან დაახლოებულ პირებთან - ფავლენიშვილი

01.07.24 13:20
ხელისუფლებაში გვყავს ივანიშვილის რუსული ბანდა და ამ ბანდას კონტაქტები აქვთ რუსეთთან დაახლოებულ პირებთან - ფავლენიშვილი

"ყველა მსგავსი მოვლენა არის გამოძახილი იმის, რომ ქვეყანა იმართება ბანდის მიერ, ამ ბანდას აქვს, რა თქმა უნდა, კონტაქტები ძირითადად რუსეთთან და რუსეთთან დაახლოებულ პირებთან," - ასე ეხმაურება ირაკლი ფავლენიშვილი გერმანიაში პრემიერის, თბილისის მერის, ცოტნე ივანიშვილისა და კადიროვთან დაახლოებული UFC-ის ჩემპიონის შეხვედრას.

ფავლენიშვილის შეფასებით, ხელისუფლებას კავშირები აქვს რუსეთთან და მათთან დაახლოებულ პირებთან, შესაბამისად, არც ამ შეხვედრის უკვირს.

ხელისუფლებაში, სამწუხაროდ, გვყავს არა პოლიტიკური მთავრობა ან პოლიტიკური გუნდი, არამედ ივანიშვილის რუსული ბანდა. ამიტომ ყველა მსგავსი მოვლენა არის გამოძახილი იმის, რომ ქვეყანა იმართება ბანდის მიერ, ამ ბანდას აქვს, რა თქმა უნდა, კონტაქტები ძირითადად რუსეთთან და რუსეთთან დაახლოებულ პირებთან. ამიტომაც არის, რომ მუდმივად ყოველწლიურად ხდება ხოლმე სკანდალები, იგივე, გვახსოვს, ლავროვის ოჯახის ქორწილი, გვახსოვს გავრილოვის ჩამოსვლა, ასეთი მოვლენები ოცნების რეჟიმისთვის არის დამახასიათებელი,“ - ამბობს ირაკლი ფავლენიშვილი.

UFC-ის ჩემპიონი, რომელიც ამერიკაში იბრძოდა, გუშინ საქართველოს ხელისუფლების ლიდერების გვერდით გამოჩნდა საქართველო-ესპანეთის თამაშის დროს და ასევე პრემიერთან, თბილისის მერსა და ცოტნე ივანიშვილთან ერთად იმყოფებოდა ერთ-ერთ რესტორანში.

რა მიზნით შეხვდა ირაკლი კობახიძე დაღესტნელ ჩემპიონს ხაბიბ ნურმაგომედოვს? - "პირველებს" საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს, რომ კობახიძე და რუსი მებრძოლი ერთმანეთს ქუჩაში შემთხვევით შეხვდნენ