თუ ამერიკის არჩევნებში ტრამპი გაიმარჯვებს, შეექმნება თუ არა საქართველოს ნატოში გაწევრიანებას საფრთხე - რას ამბობენ "ოცნებაში"
რა შედეგს მოუტანს საქართველოს, თუ ამერიკის არჩევნებში დონალდ ტრამპი გაიმარჯვებს და შეუქმნის თუ არა ეს ჩვენი ქვეყნის ნატოში გაერთიანების პერსპექტივას საფრთხეს? - "ქართული ოცნება" ამტკიცებს, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება საქართველოზე დამოკიდებული არ არის - ივანიშვილის ხელისუფლების წარმომადგენლები პირდაპირ ამბობენ, რომ ქვეყნის NATO-ში გაწევრიანება თავად გაერთიანების ნებას ეფუძნება.
ირაკლი ქადაგიშვილი ჟურნალისტებთან საუბრის დროს აცხადებს, რომ ამ ეტაპზე საქართველოსთვის სამოქმედო გეგმის გადაცემაზე, ან/და ნატოში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები არ არსებობს.
ევროატლანტიკური თანამშრომლობის საკითხი არ არის მხოლოდ დამოკიდებული საქართველოზე. პირველ რიგში, დამოკიდებულია ევროატლანტიკურ საბჭოზე და გაერთიანებაზე, ანუ, ნატოზე. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ რასაც ჯერჯერობით ვუყურებთ, მათ შორის, ივლისის სამიტთან დაკავშირებით, ნატოში გაწევრიანებაზე ან სამოქმედო გეგმის გადაცემაზე საუბარი არ არის. თუ დონალდ ტრამპი გახდება პრეზიდენტი, ჩვენ დონალდ ტრამპთან, როგორც ამერიკის პრეზიდენტთან გვექნება სახელმწიფოთა შორის ურთიერთობა დასამყარებელი. ამიტომ ეგ რიტორიკული კითხვები არის რიტორიკული კითხვა და არ გაგცემთ რიტორიკულ პასუხს", - ამბობს ქადაგიშვილი.
"ხალხის ძალის" ლიდერი და რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატი, გურამ მაჭარაშვილი კი ამბობს, რომ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ამერიკის მომავალი პრეზიდენტი, "ეს არც აქამდე იყო ჩვენზე დამოკიდებული და არც ახლა იქნება".
მაჭარაშვილის თქმით, ახლა ჩრდილოატლანტიკურ გაერთიანებაზეა დამოკიდებული, გახდება თუ არა საქართველო მისი წევრი ქვეყანა.
სამწუხაროდ, სულ რამდენიმე კვირის წინ, პირდაპირ უთხრეს უკრაინას, რომ ვერ მიიღებენ ნატოში. რაც შეეხება საქართველოს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენი მხრიდან ყველა ნაბიჯი იყო გადადგმული და არის გადადგმული, რომ თავსებადი ვიყოთ ნატოს სტანდარტებთან. მათზე იყო და არის ნებისმიერი ტიპის გადაწყვეტილება ნატოს სტანდარტებთან მიმართებით. ამიტომ თქვენი კითხვა, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ამერიკის მომავალი პრეზიდენტი, ეს არც ჩვენზე იყო აქამდე დამოკიდებული და არც ახლა იქნება ჩვენზე დამოკიდებული", - ამბობს მაჭარაშვილი.
რა შედეგის მომტანი იქნება ამერიკის შეერთებულ შტატებში დონალდ ტრამპის გამარჯვება? საერთაშიროს გამოცემა "პოლიტიკო" წაყროებზე დაყრდნობით წერს, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი პუტინთან გარიგებას გეგმავს. მოლაპარაკების მთავარი თემა კი საქართველო და უკრაინა იქნება.
საერთაშორისო გამოცემის ცნობით, ტრამპი პუტინს პირდება, რომ უკრაინაში ომის დასრულების სანაცვლოდ ვერცერთი ქვეყანა ალიანსში ვერ გაწევრიანდება.