არსებობს „ჰეითერების“ ჯგუფი... ეს ყველაფერი დაორგანიზებული იყო - ქადაგიშვილი პრემიერის მიმართ შეძახილებზე
„ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი მოქალაქეებისგან ირაკლი კობახიძის დაცვის კამპანია დაიწყო. ირაკლი ქადაგიშვილი ირწმუნება, რომ არსებობს პრემიერის მიმართ შეძახილები და მისთვის ხუერხულობის შექმნა წინასწარ დაორგანიზებული იყო გარკვეული "ჰეითერების" ჯგუფის მიერ.
დეპუტატის შეფასებით, “ამ სურათმა ნათელყო, რომ საზოგადოებას არავინ ანგარიშს არ უწევს“.
“არის სიძულვილის მთესველთა, “ჰეითერების“ ჯგუფი, რომელთა მიზანია ნებისმიერი სახალხო ზეიმი ან ქვეყნის წარმატება ნეგატივად აქციოს. ეს ადამიანები, რომელთაც აჟიოტაჟი ატეხეს, ორგანიზებულად, ერთ პატარა ჯგუფად იდგნენ, თუმცა საზოგადოება ამას არ აჰყვა.
ჩვენ დავინახეთ, რომ ამ ნაწილმა ზეიმზე დაპირისპირების სხვა მიმართულებით მოწყობაც სცადა, როდესაც ღონისძიების წამყვანთან და ერთ-ერთ ფეხბურთელთან დაკავშირებით უდიდესი ზიზღის კამპანია ააგორეს.
არის საზოგადოების ეს ნაწილი, რომელთა ნომერ პირველი ამოცანა არის რევანში. მათ საერთო ეროვნული ამოცანები არ გააჩნიათ. ქვეყნის ნებისმიერი წარმატება რამენაირად რაიმე ნეგატივში უნდა გადათარგმნონ და ჰყავთ გარემოცვა, რომელთა მეშვეობით ამ ნეგატივის წარმოჩენას მოახერხებენ.
ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რეალურად ვის რა ამოძრავებს ამ ქვეყანაში და ვის რა მიზანი აქვს“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
პრემიერის კრახი საზეიმო ღონისძიებაზე - ეროვნული ნაკრების დახვედრის ცერემონიაზე ირაკლი კობახიძეს ხალხმა პრაქტიკულად სიტყვის თქმის საშუალება არ მისცა. სცენაზე ფეხბურთელების გვერდით პრემიერის გამოჩენას დიდი პროტესტი მოჰყვა. ისმოდა შეძახილები "წადი“ "არ გვინდა" "მონა".
კობახიძე საბოლოოდ იძულებული გახდა სიტყვა პრეზიდენტისთვის გადაეცა, რის შემდეგაც პროტესტი ტაშით შეიცვალა. ზურაბიშვილს ხალხი ოვაციებით შეხვდა კობახიძემ კი სცენა მალევე დატოვა. მას ჰქონდა მეორე მცდელობაც, თუმცა პრემიერს არც ამჯერად გაუმართლა.