ენჯეოსექტორის წარმომადგენელთა უდიდეს ნაწილს უემოციო, არაქარიზმატულ და პოლიტიკისთვის გამოუსადეგარ ხალხად მივიჩნევ, ნაკლებად მგონია, მათი პროექტი წარმატებული იყოს - ხვიჩია

03.07.24 15:27
ენჯეოსექტორის წარმომადგენელთა უდიდეს ნაწილს უემოციო, არაქარიზმატულ და პოლიტიკისთვის გამოუსადეგარ ხალხად მივიჩნევ, ნაკლებად მგონია, მათი პროექტი წარმატებული იყოს - ხვიჩია

"ენჯეოსექტორის წარმომადგენლებს, მათ უდიდეს ნაწილს მივიჩნევ უემოციო, არაქარიზმატულ და პოლიტიკისთვის გამოუსადეგარ ხალხად" - ამის შესახებ განცხადება პარტია "გირჩის" ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ გააკეთა და აღნიშნა, რომ მოძრაობა "თავისუფლების მოედანი" პოლიტიკურ პროცესებში წარმატებას ვერ მიაღწევს.

ხვიჩია ფიქრობს, რომ არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე პოლიტიკური მოძრაობის შექმნა აბსურდია, რადგან მისი თქმით, სამოქალაქო საზოგადოების მიერ დაფუძნებული მოძრაობა საპარლამენტო არჩევნებზე ხუთპროცენტიან ბარიერს ვერ გადალახავს.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დარწმუნებულია, რომ "თავისუფლების მოედანი" გარიგებას კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიასთან აწარმოებს.

წინასაარჩევნო პერიოდი მოდის და ბევრ ადამიანს უჩნდება სურვილი, ამ ჟანრში მოსინჯოს ენერგია. პრობლემას იმაში ვხედავ, რომ ენჯეოსექტორმა ქვეყანაში ვერ გააჩინა ქარიზმატული ლიდერები, რომლებიც ადამიანების სიმპათიებს მოიპოვებდნენ და მათ ელექტორალური ღირებულება ექნებოდათ. აქედან გამომდინარე, ნაკლებად მგონია, ეს პროექტი წარმატებული იყოს. „ენჯეოებს“ აქამდე არ მიუციათ საფუძველი ქართველი ხალხისთვის, რომ ისინი არჩევადები იყვნენ და პრინციპულად დაიცვან რომელიმე პოლიტიკური აზრი. პოლიტიკაში წინასაარჩევნოდ ფინანსებიც ტრიალებს, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ბევრ ადამიანს მოუნდეს ამ პროცესში ძალების მოსინჯვა. დავაკვირდეთ, სად აღმოჩნდება ეს ხალხი და ამის მიხედვით გავაკეთოთ განცხადებები მათი მიზნების შესახებ.

ამაში არაფერი იქნებოდა ცუდი, პირიქით, კარგი იქნებოდა, რომ ვხედავდე რესურსს, ამ ხალხს შეუძლია პოლიტიკის გადახალისება და ახალი სისხლის შემოტანა. გამონაკალისები ყველგან არსებობენ, მაგრამ ენჯეოსექტორის წარმომადგენლებს, მათ უდიდეს ნაწილს მივიჩნევ უემოციო, არაქარიზმატულ და პოლიტიკისთვის გამოუსადეგარ ხალხად, თუმცა შეიძლება ვცდები და არსებობს გამონაკლისები. დავაკვირდებით და ვნახავთ. შეუძლებელი მგონია, ახლა, არჩევნების წინ შექმნა პოლიტიკური პარტია, გახვიდე ხუთპროცენტიანი ბარიერის გადასალახად და მიაღწიო წარმატებას. ამიტომ მგონია, რომ ეს ხალხი რომელიღაც პოლიტიკურ პარტიას ევაჭრება ფულზე, სიაზე, მომავალზე ან რამეზე. ვაჭრობის შედეგი რამდენად წარმატებული იქნება, ამას დავინახავთ ცოტა ხანში, მაშინ, როდესაც ეს ხალხი ვინმეს პოლიტიკურ პარტიაში აღმოჩნდება. ეს არის სავაჭრო პლატფორმა. ვინაიდან სულ სამი პარტია არსებობს, რომელიც ფულს იხდის – „ქოცები“, „ნაცები“ და „ლელო“, ამ სამიდან ერთ-ერთში აღმოჩნდებიან. ესენი არიან ფულის გადამხდელი პარტიები. ფული რომ არ ნდომებოდათ და პრინციპებისთვის ებრძოლათ, უფრო ადრე შევამჩნევდით მათ აქტიურობას პოლიტიკაში. ეს არჩევნების წინ როცა ხდება, ფულის მიზეზია, ან სიაში ჩასმის, ან სამომავლო პერსპექტივის და ნაკლებად – პრინციპების დაცვის, რადგან ამ პრინციპების შესახებ აქამდე უნდა გაგვეგო", – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

"თავისუფლების მოედანი" - ახალი პოლიტიკური მოძრაობა საქართველოში სულ ცოტა ხნის წინ დაფუძნდა. ადამიანები, ვინც რუსული კანონის წინააღმდეგ ქუჩაში თვეების განმავლობაში იდგნენ და რომლებიც არასდროს პოლიტიკური პროცესების მონაწილეები არ ყოფილან,  ფიქრობენ, რომ ცვლილებების დრო დადგა.  

ეს იქნება მოძრაობა, რომელიც რუსული კანონის მოწინააღმდეგეების პოლიტიკურ პროცესებში ჩართვისთვის ხიდის ფუნქციას შეასრულებს.  მანიფესტი მომზადებულია და მასზე ხელმომწერების რაოდენობაც  უკვე საკმაოდ ბევრია.