თუ ოპოზიციური პარტიების გაერთიანება ვერ ხერხდება, ჩვენ ეს უნდა მოვახერხოთ საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურ ადამიანებთან - ბოკუჩავა
"მიგვაჩნია, რომ დღეს მთავარი არის ის, რომ მოხდეს მაქსიმალური გაერთიანება ოპოზიცურ ფრონტზე," - ამის შესახებ თინა ბოკუჩავა საუბრობს.
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ამბობს, რომ ივანიშვილის რეჟიმის დასამარცხებლად ოპოზიციურ ველზე ერთობა უმნიშვნელოვანესია. თუმცა, როგორც პარტიის თავმჯდომარე ამბობს, ამ ეტაპზე ოპოზიციური პარტიების ერთობა ვერ ხერხდება.
თინა ბოკუჩავა თავს იკავებს კონკრეტული სახელისა და გვარების დასახელებისგან, ვინ შეუერთდება ენმ-სა და სტრატეგია აღმაშენებლის ერთობას და ამბობს, რომ ყველაფერი დღევანდელ ყრილობაზე გახდება ცნობილი.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ დღეს მთავარი არის ის, რომ მოხდეს მაქსიმალური გაერთიანება ოპოზიცურ ფრონტზე, იმიტომ ივანიშვილმა 26 ოქტომბრის არჩევნები აქცია ერთგვარ რეფერენდუმად და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია საერთო ფრონტის შექმნა ივანიშვილის წინააღმდეგ.
როგორც პრეზიდენტმა სააკაშვილმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია, გავერთიანდეთ და შევქმნათ საერთო ფრონტი ივანიშვილის წინააღმდეგ, თუ ამას ამ ეტაპზე ვერ ახერხებენ პოლიტიკური პარტიები, მიუხედავად იმისა, რომ მიმაჩნია ახლა, რომ ყოველგვარი განსხვავებების გვერდზე გადადების დროა, ჩვენ ეს უნდა მოვახერხოთ ადამიანებთან, რომლებიც აქტიური არიან ქვეყნის საზოგადოებრივი ცხოვრებაში,“ - ამბობს ბოკუჩავა.
ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის ყრილობა საღამოს გაიმართება. "ნაციონალურ მოძრაობაში" იმ კონფიგურაციას წარადგნენ, რომლითაც ოქტომბრის არჩევნებზე წარდგენიან.