სანქციებს გერმანიაც აანონსებს - გადავწყვიტეთ, საქართველოსთან ახალი ფინანსური ვალდებულებები აღარ ავიღოთ
აშშ-ის შემდეგ სანქციებს გერმანიაც აანონსებს - პიტერ ფიშერის კომენტარიდან ირკვევა, რომ საქართველო პროექტებისთვის ახალ ფინანსურ დახმარებას ვეღარ მიიღებს.
გერმანიის ელჩი პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოს მთავრობის კურსის გამო, EU-ში გაწევრიანების პროცესი შეჩერდა.
საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატია, მაგრამ ჩვენ მივაღწიეთ ძალიან რთულ მომენტს ამ პროცესში, ამ გაწევრიანების პროცესში. როგორც იცით, საქართველოს მთავრობის ქმედებებიდან გამომდინარე, ევროპულმა საბჭომ, რომელიც შედგება 27 სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურისგან, გაფართოების შესახებ გადაწყვეტილებების მიმღები პირებისგან, 27 ივნისს მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოსთან გაწევრიანების პროცესი შეჩერებულიყო. საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეჩერდა.
რაც შეეხება გერმანიას, ჩვენ ასევე, საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვას ვაწარმოებთ. ჩვენ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად ვართ საქართველოს განვითარების თანამშრომლობის ერთ-ერთი უმსხვილესი დონორი. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ამჟამად საქართველოსთან მიმართებაში ახალი ვალდებულებები არ ავიღოთ, ამიტომ გერმანიიდან საქართველოსთვის ახალი ფინანსური ვალდებულებები ამჟამად არ არის“, - აღნიშნა პეტერ ფიშერმა.
ირკვევა ისიც, უვადოდ გადაიდო გერმანიაში ზაფხულში დაანონსებული სამართლის ფორუმიც, სადაც საქართველო მიწვეული იყო.
გერმანიის შეიარაღებულმა ძალებმა „ღირსეული პარტნიორის“ წვრთნებში მონაწილეობა გააუქმა. ჩვენ გავაუქმეთ დიდი სამართლებრივი ფორუმი, რომელიც გასულ წელს თბილისში გაიმართა და ამ ზაფხულს ბერლინში უნდა ჩატარებულიყო. ჩვენ შემდგომ მოქმედებებს განვიხილავთ"- დასძინა ელჩმა.
მეტიც, გერმანიის ელჩის თქმით, მას არასდროს უნახავს საგარეო კურსის ასეთი ცვლილება. ფიშერმა "ქართული ოცნების" გასაგონად კიდევ ერთხელ თქვა, რომ ე.წ გამჭვირვალობის კანონი შეუთავსებელია ევროპულ სტანდარტებთან - "ამ კანონით ვერ შეხვალთ ევროკავშირში"- ამბობს ის.
საქართველოში ელჩის თანამდებობა, ჩემი მეშვიდე დანიშვნაა და მე არასდროს არ მინახავს საგარეო პოლიტიკის მსგავსი ცვლილება, როგორიც მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ვნახე. არსებობს ბევრი ობიექტური ფაქტორი. მათ შორის ე.წ გამჭვირვალობის კანონი, რომელიც შეუთავსებელია ევროპულ სტანდარტებთან. ამ კანონით ვერ შეხვალთ ევროკავშირში.
ჩვენ 30 წელია, ვართ მეგობრები და უეცრად სიურპრიზია, რომ გავხდით ფაშისტები, ტერორისტები, ასეთი რიტორიკით პარტნიორები არ საუბრობენ. თუ მთავრობა იყენებს მიუღებელ რიტორიკას მეგობრებთან, მეგობრობა იცვლება.
გერმანია თავის მხრივ უკვე იხილავს ყველა პროექტს, ყველა მხრივ ურთიერთობას საქართველოსთან. ჩვენ აღარანაირ ახალ ვალდებულებას აღარ ვიღებთ საქართველოს დახმარების შესახებ"- აცხადებს ფიშერი.
გამოცდილი დიპლომატის თქმით, ამ ეტაპზე ფანჯარა მაინც ღიაა და გაერმანია მიესალმება საქართველოს EU-ში გაწევრიანებას.
ფანჯარა ახლა ფართოდაა გაღებული - ის ღიაა რუსეთის თავდასხმის გამო უკრაინაზე. ამან მიგვიყვანა დასკვნამდე, რომ ჩვენ უნდა სწრაფად გავაფართოოთ მშვიდობისა და დემოკრატიის სივრცე,მაგრამ ისიც უნდა ვთქვა, რომ ფანჯარა შესაძლოა დაიხუროს. ის ღია სამუდამოდ არ იქნება. ჩვენ გვაქვს საკმარის გამოწვევები ევროკავშირის შიგნით და არ გვჭირდება დამატებით გამოწვევების შემოტანა, იმპორტი. არ გაუშვათ ხელიდან ისტორიული შესაძლებლობა შეუერთდეთ გლობალური მშვიდობის პარტიას, რადგან სწორედ ეს არის ევროკავშირი"- დასძინა ელჩმა.