სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაული მიმდინარეობს - დეკანოიძე
"ევროოპტიმისტების" ლიდერი, ხატია დეკანოიძე შიშობს, რომ ივანიშვილის ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯების გამო, შესაძლოა, საქართველო საერთაშორისო იზოლაციაში მოექცეს და ოკუპანტი რუსეთის წინაშე მარტო დარჩეს.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აცხადებს, რომ "ქართული ოცნებისთვის" ფინანსური სანქციების დაწესება არა მხოლოდ რუსული კანონის მიმღებ ხელისუფლებაზე, არამედ ქვეყანაზე უარყოფითად აისახება, რადგან დეკანოიძის თქმით, ეს ნაბიჯი, სავარაუდოდ, საბანკო სექტორის ჩამონგრევას განაპირობებს.
მიმდინარეობს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაული. ამას ჰქვია ეროვნული ინტერესების ღალატი. საქართველო შეიძლება, ძალიან მალე აღმოჩნდეს იზოლაციაში მარტო რუსეთთან. ადამიანებმა დატოვონ ქვეყანა, ემიგრაციაში წავიდნენ. ასევე მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ჩვენი შეიარაღებული ძალები შესაძლოა, მართლაც ძალიან სერიოზული დახმარების გარეშე დარჩეს და ფინანსური სანქციები, რომელიც "ქართულ ოცნებას" ემუქრება, ამან შესაძლოა, საბანკო სექტორი ჩამოანგრიოს და ფასების კატასტროფული ზრდა მოყვეს. ეს გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა და ამას აკეთებს "ქართული ოცნება" - ამბობს დეკანოიძე.
აშშ-ის შემდეგ სანქციებს გერმანიაც აანონსებს - პიტერ ფიშერის კომენტარიდან ირკვევა, რომ საქართველო პროექტებისთვის ახალ ფინანსურ დახმარებას ვეღარ მიიღებს.
გერმანიის ელჩი პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოს მთავრობის კურსის გამო, EU-ში გაწევრიანების პროცესი შეჩერდა.