"ყველაფერი დამოკიდებული იქნება არჩევანზე" - მორიგი გაფრთხილება "ქართულ ოცნებას"

10.07.24 17:49
"ყველაფერი დამოკიდებული იქნება არჩევანზე" - მორიგი გაფრთხილება "ქართულ ოცნებას"

"ყველაფერი დამოკიდებული იქნება არჩევანზე" - ეს გზავნილები თბილისში ჩამოსული გერმანელი პოლიტიკოსებისგან მოდის, რომლებიც პირდაპირ ამბობენ, რომ საქართველოში 2024  წლის საპარლამენტო არჩევნები თავისუფლად და დემოკრატიულად უნდა ჩატარდეს.

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო პოლიტიკის ოფიცერი, რობინ ვაგენერი აცხადებს, რომ სამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნის მიზნით, პროცესებში გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია უნდა ჩაერთოს.

ვაგენერი იმასაც დასძენს, რომ რუსული კანონის უკან წაღებისა და "ქართული ოცნების" რიტორიკის შეცვლისთანავე სტრატეგიული პარტნიორების ურთიერთობა საქართველოსთან გამოსწორდება.

ესაა ხალხის არჩევანი და ასეც უნდა ხდებოდეს დემოკრატიულ ქვეყანაში. რა არჩევანიც არ უნდა გააკეთოს ხალხმა, ჩვენ მას პატივს ვცემთ. როცა ჩვენ სამართლიან არჩევნებზე ვსაუბრობთ, ეს უბრალოდ საუბარი არ არის. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი საერთაშორისო დონეზე, რომ არჩევნები სამართლიანად ჩატარდეს, რაც გულისხმობს პროცესში სადამკვირვებლო მისიების ჩართვას. ამ არჩევნებში სადამკვირვებლო მისიებს მხარში დაუდგება როგორც გერმანია, ისე სხვა წევრი ქვეყნებიც. 

საბოლოოდ პარტიებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, რა პროგრამებით მივლენ არჩევნებზე და ხალხიც გააკეთებს თავის არჩევანს. რაც შეეხება შემდგომ თანამშრომლობას და სანქციებს, ყველაფერი დამოკიდებული იქნება არჩევანზე, აირჩევთ თქვენ ევროპის გზას, მოიშორებთ ამ კანონს და მოიშორებთ ნეგატიურ დამოკიდებულებას ევროპის მიმართ, შემდეგ იქნება სივრცე თანამშრომლობის გაგრძელების", - ამბობს ვაგენერი.

გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატი ამბობს, რომ სანქციების დაწესება შესაძლოა, მთავრობის მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენებამ განაპირობოს. 

არჩევნების შედეგებზე არაა დამოკიდებული სანქციები. სანქციები შეიძლება მოჰყვეს მთავრობის მიერ ბოროტად თავისი ძალაუფლების გამოყენებას. არსებობს ჟურნალისტებზე ზეწოლა, რომელიც მთავრობისგან მომდინარეობს და სხვადასხვა მსგავსი ქმედებები. აი ეს შეიძლება გახდეს სანქციების საფუძველი", - ამბობს გერმანიის ბუნდესტაგის წევრი.
 

გერმანელი პოლიტიკოსი აცხადებს, რომ არ აქვს მნიშვნელობა, საქართველოს ხელისუფლებაში ვინ მოვა, მისი თქმით, მთავარია, რომ ყველა პარტიამ პატივი სცეს ევროკავშირის ღირებულებებს. 

მთავარია უზრუნველყოფილი იყოს გრძელვადიანი დაკვირვება არჩევნებზე. ეს უნდა განხორციელდეს არამხოლოდ ეუთოს მიერ, არამედ ევროსაბჭოს მიერაც. საქართველოში ამ არჩევნებზე დაკვირვების რელევანტურობა არის ძალიან მაღალი. ნებისმიერმა მთავრობამ, რომელიც არ უნდა მოვიდეს არჩევნების შედეგად, პატივი უნდა სცეს ევროკავშირის კანონმდებლობასა და ღირებულებებს", - ამბობს გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატი.

თბილისში ჩამოსული ბუნდესტაგის დეპუტატების შეხვედრა დასრულებულია - გერმანელმა პოლიტიკოსებმა პრესკონფერენციაზე საქართველოსთან მიმართებით გერმანიის გზავნილები გააჟღერეს და ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ისაუბრეს. 

აშშ-ის შემდეგ სანქციებს გერმანიაც აანონსებს - პიტერ ფიშერის კომენტარიდან ირკვევა, რომ საქართველო პროექტებისთვის ახალ ფინანსურ დახმარებას ვეღარ  მიიღებს.

გერმანიის ელჩი პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოს მთავრობის კურსის გამო, EU-ში გაწევრიანების პროცესი შეჩერდა.