თუ გავხდი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, მზად ვარ, „ვეტინგის“ პროცედურა გავიარო - გიორგი ბურჯანაძე

11.07.24 11:33
თუ გავხდი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, მზად ვარ, „ვეტინგის“ პროცედურა გავიარო - გიორგი ბურჯანაძე

თუ გავხდი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, მზად ვარ, „ვეტინგის“ პროცედურა გავიარო - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატმა გიორგი ბურჯანაძემ  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის შესარჩევ კომისიასთან გასაუბრებაზე განაცხადა. 

მისი თქმით, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც პროცესში მონაწილეობს, არის ის, რომ პროცესი ძალიან ჰგავს ე.წ. ფრივეტინგის პროცედურას, რაც "ვეტინგის" ერთ-ერთი მხარეა.

როგორც ბურჯანაძემ აღნიშნა, ამ პროცესის მიმართ სანდოობის ერთ-ერთი დეტერმინანტი ესეცაა.

ზოგადად, მომხრე ვარ ამ ტიპის მექანიზმების. არა მხოლოდ მე, არამედ ადამიანები, რომლებიც მოსამართლეები არიან სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, ამას უჭერენ მხარეს, რადგან ეს არის ძალიან კარგი საშუალება, რომ სასამართლოს მიმართ ნდობა აღდგეს. როდესაც ადამიანს დასამალი არაფერი გაქვს, შემოწმებაში პრობლემას ვერ ვხედავ. ევროკავშირის მიერ მოთხოვნილია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს „ვეტინგი“. თუ გავხდი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, მზად ვარ, „ვეტინგის“ პროცედურა გავიარო, რადგან ვთვლი, რომ ისეთი არაფერი არ მაქვს ჩადენილი, არ მაქვს დარღვევა, რამაც შესაძლოა, ჩემ მიმართ ნდობა შეარყიოს, ანდა აღმოჩნდეს, რომ რაღაცას არ ვაკმაყოფილებ. ზოგადად, მიმაჩნია, რომ „ვეტინგი“ გამართლებულია სასამართლოსთან მიმართებით, ამაზე პასუხი გასცა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, რომელმაც დასაშვებად მიიჩნია სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპთან მისი თანაარსებობა, დასაშვებად მიიჩნია ადამიანის უფლების პერსპექტივით. ამის შესახებ საუბრობს უამრავი საერთაშორისო ორგანიზაცია ე.წ. რბილი სამართლის მეშვეობით. ჩვენ არ უნდა ვიყოთ თეთრი ყვავები და არ უნდა ვიძახოთ რაზეც მთელი მსოფლიო, მთელი ევროპა თანხმდება, რომ ეს დასაშვებია და სასამართლოს დამოუკიდებლობას არ უშლის ხელს. განსაკუთრებით ალბათ აღსანიშნავია ვენეციის კომისიის მოსაზრებაც, რომელმაც თავის დროზე გვირჩია „ფრივეტინგის“ განხორციელება, რათა ნდობა აღდგენილი და გაზრდილი იყოს. ამიტომ, ვფიქრობ, ეს მოიტანს შედეგებს. ძალიან ხშირად, როდესაც „ვეტინგის“ საკითხი აქტუალური იყო, ყველა საუბრობდა, რომ არიან ქვეყნები, სადაც ეს წარმატებით არ განხორციელდა. დიახ, არიან ასეთები, მაგრამ იმ წარუმატებელ მაგალითებზე დაგროვდა ცოდნა და გამოცდილება. მიმდინარეობს სხვადასხვა პრინციპის შემუშავება. რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მიმდინარეობს „გაიდლაინებსა“ და პრინციპებზე მუშაობა, რომელიც დაადგენს სტანდარტებს. ამ პროცესს ძალიან კარგად ახორციელებენ უკრაინა და მოლდოვა, რასაც ადასტურებს როგორც ვენეციის კომისია, ისე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები და რა თქმა უნდა, ევროკავშირი, ამას კარგად ახორციელებს ალბანეთი. პირველი ტალღის ხარვეზებსა და პრობლემებზე დაყრდნობით, ალბათ შესაძლებელია, კომპლექსურად თუ ვიმუშავებთ, ამ პროცედურის ჯეროვნად დამუშავება“, - განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ.

ვინ გახდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი არამოსამართლე წევრი? დილიდან ყურადღების ცენტრშია ათონელის საპრეზიდენტო რეზიდენციაა.  სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებით, წელს პირველად საბჭოში მოხვედრის მსურველებს პრეზიდენტის მიერ შერჩეული კომისიაა გაესაუბრება. ახლა სწორედ ყოფილმა მოსამართლეებმა და მესამე სექტორის წარმომადგენლებმა უნდა გადაწყვიტონ, ვინ იმუშავებს საბჭოში. მსურველთა სიაში  ხუთი კანდიდატია. გასაუბრება პირდაპირი სტრიმის საშუალებით გადაიცემა. 

 კომისია გასაუბრებას გამართავს:

  • გიორგი ბურჯანაძესთან,
  • დიმიტრი გაბუნიასთან,
  • მანუჩარ კაკოჩაშვილთან,
  • კახა წიქარიშვილთან
  • თამარ ალფაიძესთან.