იუსტიციის საბჭოს წევრობა დიმიტრი გაბუნიასაც უნდა - რას პასუხობს იურისტი მის მიმართ არსებულ კითხვებს?

11.07.24 12:39
იუსტიციის საბჭოს წევრობა დიმიტრი გაბუნიასაც უნდა - რას პასუხობს იურისტი მის მიმართ არსებულ კითხვებს?

ადვოკატ დიმიტრი გაბუნიას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობა სურს - მასთან გასაუბრება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამ წუთებშიც მიმდინარეობს. 

ადვოკატი, რომელიც კახა კალაძის უფლებებს "ტვ პირველის" წინააღმდეგ დავაში იცავდა, შესარჩევი კონკურსის მონაწილეა. 

ასევე საინტერესოა ერთი დეტალი, გაბუნია პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი იყო და შეწყალების საქმეზე  პროკურატურაში არაერთხელ იყო დაბარებული.

  • მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 2019 წლის 28 აგვისტოსთვის მათ შორის, მკვლელობისთვის გასამართლებული პირები შეიწყალა, ფაქტს საზოგადოების ნაწილის უარყოფითი რეაქცია მოჰყვა, მათ შორის, ხელისუფლების მხრიდან. პროკურატურამ კი ამ საკითხზე გამოძიება დაიწყო.
  • მაშინ გაბუნია აცხადებდა, რომ "პრეზიდენტის შეწყალებებით მეც აღვშფოთდი". 

გასაუბრებაზე შესვლამდე ადვოკატს სწორედ ეს კითხვები დაუსვეს. 

პრეზიდენტის დისკრეციული უფლაბა იყო შეწყალების საქმე. თავად ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი გამოვიდა, ჩაატარა ბრიფინგი  - "არავინ არაფერ შუაშია, მე მივიღე გადაწყვეტილება" და მთლიანად პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო. 

იურიდიულად დაგიზუსტებთ - ჩამს მიმართ არ არის აღძრული საქმე. მე ვიყავი მოწმის სახით დაბარებული (პროკურატურაში) და მივედი, მივეცი ჩვენება და ამით მორჩა ყველაფერი"- თქვ  გაბუნიამ. 

მისი მტკიცებით "ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში მმართველ პარტიასთან ალიანსი "სასაცილოა". 

რაც შეეხება კახა კალაძის ინტერესების დაცვას, იურისტი "პირველების" კითხვის საპასუხოდ ამბობს, რომ "ადვოკატის პროფესიული ეთიკა ავალდებულებს, რომ თუ ინტერესთა კონფლიქტი არ აქვს, ნებისმიერი პირი დაიცვას".

ვინ გახდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი არამოსამართლე წევრი? დილიდან ყურადღების ცენტრშია ათონელის საპრეზიდენტო რეზიდენციაა.  სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებით, წელს პირველად საბჭოში მოხვედრის მსურველებს პრეზიდენტის მიერ შერჩეული კომისია გაესაუბრება. ახლა სწორედ ყოფილმა მოსამართლეებმა და მესამე სექტორის წარმომადგენლებმა უნდა გადაწყვიტონ, ვინ იმუშავებს საბჭოში. მსურველთა სიაში ხუთი კანდიდატია. გასაუბრება პირდაპირი სტრიმის საშუალებით გადაიცემა. 

 კომისია გასაუბრებას გამართავს:

  • გიორგი ბურჯანაძესთან,
  • დიმიტრი გაბუნიასთან,
  • მანუჩარ კაკოჩაშვილთან,
  • კახა წიქარიშვილთან
  • თამარ ალფაიძესთან.