დემოკრატიული და ინსტიტუციური განვითარებით უკვე წლებია ვუსწრებთ NATO-ს წევრ ბევრ ქვეყანას - პაპუაშვილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ დემოკრატიული და ინსტიტუციური განვითარებით საქართველო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრ ქვეყნებს უსწრებს.
"ცრუ ბრალდებების ნიაღვარში უნდა გვახსოვდეს რა არის სიმართლე" - წერს პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.
რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატი იმასაც ამბობს, რომ საქართველოა ნატოს არაწევრი ქვეყანა, რომელიც 2015-2021 წლებში, NATO-ს "მტკიცე მხარდაჭერის მისიაში" ყველაზე დიდი კონტინგენტით მონაწილეობდა.
ცრუ ბრალდებების და დეზინფორმაციის ნიაღვარში უნდა გვახსოვდეს, რა არის სიმართლე. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების გადაწყვეტილებით ავღანეთში ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“, 2015-2021 წლებში, საქართველო, ნატოს არაწევრი ქვეყნებიდან, ყველაზე დიდი კონტინგენტით მონაწილეობდა, თავად ნატოს წევრებთან შედარებით კი მეოთხე ვიყავით აშშ-ს, გერმანიის და იტალიის შემდეგ. აღარაფერს ვიტყვი იმაზე, თუ ვინ რა სირთულის დავალებებს ასრულებდა. ჩვენი გმირი ჯარისკაცების ისტორიები და გაღებული მსხვერპლი ყველამ ვიცით და ყველას გვახსოვს. ცალკე ისტორიაა, თუ რა როლი შეასრულა საქართველომ 2021 წელს ავღანეთიდან ნატოს ჯარების სწრაფი გამოსვლის უზრუნველყოფაში. ისიც კარგად გვახსოვდეს, რომ დემოკრატიული და ინსტიტუციური განვითარებით უკვე წლებია ვუსწრებთ ნატოს წევრ ბევრ ქვეყანას“, - წერს პარლამენტის თავმჯდომარე.
16 წლის შემდეგ პირველად - ნატო საქართველოსთვის მიცემულ დაპირებებს აღარ იმეორებს. შემაჯამებელ კომუნიკეში, რომელიც ნატოს 75-ე საიუბილეო სამიტის ფარგლებში მიიღეს,
ჩვენი ქვეყანა მხოლოდ ერთხელ, მოლდოვისა და უკრაინის კონტექსტშია ნახსენები.
"მოვუწოდებთ რუსეთს, თავისი ძალები, რომლებიც თანხმობის გარეშეა განლაგებული, მოლდოვიდან და საქართველოდან გაიყვანოს" - წერია დოკუმენტში.
კომუნიკედან გამქრალია ჩანაწერები ბუქარესტის სამიტის სულისკვეთების შესახებ, რომლითაც ნატო ყოველთვის ადასტურებდა, რომ საქართველო ალიანსის წევრი გახდებოდა. ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ასევე აღარაფერს წერს პარტნიორობის, პოლიტიკური დიალოგის, ან პრაქტიკული თანამშრომლობის შესახებაც.