ბათუმელები: შეკვეთილში „რუსული კლუბი“ პედაგოგებს და ბავშვებს წვრთნის

13.07.24 12:02
ბათუმელები: შეკვეთილში „რუსული კლუბი“ პედაგოგებს და ბავშვებს წვრთნის

შეკვეთილში, სასტუმრო „მირაჟში“, მეორე დღეა ორგანიზაცია „რუსული კლუბის“ მიერ ორგანიზებული სემინარი ტარდება, რომელსაც ქართული საჯარო სკოლების მასწავლებლები ესწრებიან - ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმელები ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ სწავლებას, სავარაუდოდ, სანქცირებული Россотрудничество [უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული საქმეების ფედერალურ სააგენტო] აფინანსებს – მათ ამ სემინარის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდზე აქვთ განთავსებული.

ორგანიზაცია ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული სემინარი რუსული ენის პოპულარიზაციას ემსახურება. რუსულენოვანი წყაროების თანახმად, ამ სემინარებს წინა წლებში საქართველოში სწორედ Россотрудничество აფინანსებდა.

  • სემინარის დღის წესრიგში მითითებულია, რომ ღონისძიების ბოლოს – გალა საღამოზე, რომელიც 14 ივლისს უნდა გაიმართოს, გამარჯვებულ ბავშვებს რუსეთის ინტერესების სექციის ხელმძღვანელი, დიმიტრი ტრიფომოვი დააჯილდოებს, სადაც იქნებიან ასევე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებიც.

Россотрудничество-ს გვერდზე მითითებული ინფორმაციის მიხედვით, აღნიშნული ორგანიზაცია არის რუსული სააგენტო, „რომლის მთავარი მისიაა გააძლიეროს რუსეთის ჰუმანიტარული გავლენა მსოფლიოში“.

2021 წლიდან მათ მიიღეს არაფორმალური სახელი „რუსული სახლი“.

ორგანიზაცია 2008 წელს პუტინის ბრძანებულებით შეიქმნა და მათი მიზანია რუსული გავლენების გაზრდა და პოპულარიზაცია მსოფლიოში, განსაკუთრებით კი დსთ-ს ქვეყნებში.