რუსული სემინარები შეკვეთილში - ოპოზიცია სახელმწიფოსგან ახსნა-განმარტებებს ითხოვს
რუსული სემინარები შეკვეთილში - "ლელოს" წევრის, გრიგოლ გეგელიას თქმით, თუ საჯარო სამსახურის წარმომადგენლები რუსულ სემინარებს ესწრებიან, სახელმწიფოს ამის შესახებ უნდა სცოდნოდა და შესაბამისად ახსნა-განმარტებებიც უნდა გაკეთდეს.
იმ ფონზე, როდესაც გავრცელებული ინფორმაციით, ამ სწავლებას ესწრებიან საჯარო სამსახურის წარმომადგენლები და მასწავლებლები, ასეთ ვითარებაში სახელმწიფო უნდა იყოს ინფორმირებული და ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ დღეს, რუსეთის მსახური ხელისუფლების პირობებში ამ სახელმწიფოში არცერთი პოლიტიკური ინსტიტუტი არ ფუნქციონირებს და არ ასრულებს თავის ძირითად მოვალეობას", - ამბობს გეგელია.
თამარ კორძაია კი განათლების სამინისტროსგან იმ მასწავლებლების და საჯარო მოსამსახურეების სახელებსა და გვარებს ითხოვს, ვინ რუსულ სემინარებში მონაწილეობენ.
დღევანდელი ხელისუფლება მარტო დასავლელი პარტნიორების განცხადებებისა და ქმედებებთან დაკავშირებით გამოხატავს აღშფოთებას და ყველაფერი, რაც რუსულ ეხება მათი მხრიდან მხარდაჭერილია ან დუმილით, ან ტექსტებით. მე ის მასწავლებლები მაინტერესებს, სახელები და გვარები, ვინც ამას ესწრება. აქ საკითხი მხოლოდ სუს-სს არ ეხება. განათლების მინისტრი გამოვიდეს და თქვას, როგორ ტარდება ეგ სემინარები, ტრენინგები და რომელი მასწავლებლები ესწრებიან, რადგან ეგ მასწავლებლები სკოლაში შესაშვები არ არიან", - ამბობს კორძაია.
სუს-ი ამ დრომდე არ ამბობს, აქვთ თუ არა ოკუპაციის შესახებ კანონი დარღვეული ადამიანებს, ვინც შეკვეთილში რუსულ გაკვეთილებს ატარებენ. დუმილის რეჟიმზეა გადასული შინაგან საქმეთა სამინისტროც. პრიმაკოვის ორგანიზაციის დაფინასებით ჩამოსული ტრენერები ამ წუთებშიც, ქართველ მოსწავლეებს და მასწავლებლებს წვრთნიან. არსებობს დასაბუთებული ეჭვი, რომ იქ იმყოფებიან საჯარო სკოლის თანამშრომლები, რაც დამატებით განმარტებებს საჭიროებს განათლების სამინისტროსგანაც. ასევე არსეობს ეჭვი, რომ ხვალ შეკვეთილში სერგეი ლავრობის უწყების თანამშორმლებიც ჩავლენ.