ამერიკა, როგორც დემოკრატიის შუქურა, ჩაფლავდა - ზარქუა
აშშ-ს ამ ხელისუფლების პერიოდში, ამერიკა, როგორც დემოკრატიის შუქურა, ჩაფლავდა, - ასე აფასებს "ქართული ოცნების" წევრი ირაკლი ზარქუა დონალდ ტრამპზე თავდასხმას. სახელისუფლებო გუნდის წევრი თანაგუნდელების მსგავსად ამტკიცებს, რომ ყოფილ პრეზიდენტზე თავდასხმა გლობალური ომის პარტიამ დააორგანიზა.
ამასთან, ზარქუა ამბობს, რომ იმ ქვეყნის ხელისუფლების კრიტიკას სადაც ექსპრეზიდენტს ესხმიან თავს, ვერ მიიღებს.
მე მინდა გამოვეხმაურო აშშ-ში მომხდარ ტერაქტს, რაც მოხდა. პირდაპირ გეტყვით, ამერიკის მომავალ პრეზიდენტზე თავდასხმა არის კიდევ ერთი მკაფიო გამოხატულება, რომ გლობალური ომის პარტიის მხრიდან თავის ოპონენტებს, მოწინააღმდეგეებს, განსხვავებული აზრის თუ იდეოლოგიის მქონე პირებს როგორ ესხმის თავს. ჯერ ვნახეთ ევროპაში ფიცო, შემდეგ, გახსოვთ თქვენ, ჩვენს პრემიერ-მინისტრზე მუქარა და ახლა უკვე აგერ, დაგვირგვინება, პრეზიდენტობის კანდიდატზე საერთოდ ტყვიის გასროლა და მოკვდინება. და ეს ყველაფერი ხდება წინსაარჩევნოდ სად? აშშ-ში, რომელიც ჩვენთვის იყო ყოველთვის მაგალითი დემოკრატიის, განსხვავებული აზრის მიმღებლობის, ადამიანის უფლებების დაცვის. ე.ი. ქვეყანაში, სადაც პრეზიდენტობის კანდიდატის, ყოფილი პრეზიდენტის უფლებები არ არის დაცული, ახლა ის ხელისუფლება რომ გამოვა და მე გამაკრიტიკებს, მორალს წამიკითხავს, როგორ უნდა დავიცვა ადამიანის უფლებები, როგორ უნდა მქონდეს განსხვავებულის მიმღებლობა, როგორ უნდა პოლარიზაცია შემავცირო და ამაზე ნოტაციას რომ წამიკითხავს, ვერ მივიღებ. სამწუხაროდ, ჩაფლავდა აშშ-ს ამ ხელისუფლების პერიოდში ამერიკა როგორც დემოკრატიის შუქურა, - ამბობს ზარქუა.
შეგახსენებთ, რომ პენსილვანიაში მხარდამჭერებთან შეხვედრისას დონალდ ტრამპზე შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა. 20 წლის ახალგაზრდამ ერთ-ერთი შენობის სახურავიდან მას 9 ტყვია ესროლა. გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ექსპრეზიდენტს ყური აქვს დაზიანებული და სისხლი მოსდის.
ასევე ცნობილი ხდება, რომა შეიარაღებულ თავდასხმას 3 ადამიანი ესმხვერპლა.