"გამოჩნდება რომელი მოსამართლე ზის ივანიშვილის ჯიბეში და რომელმა შეინარჩუნა ღირსება" - ხუხაშვილი პრეზიდენტის სარჩელზე
"ლუსტრაციის პროცესია", - ასე აფასებს პოლიტიოლოგი გია ხუხაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში რუსული კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის სარჩელის შეტანას. მისი თქმით, გამოჩნდება, რომელი მოსამართლე "ზის ივანიშვილის ჯიბეში" და რომელმა შეინარჩუნა ღირსება და კონსტიტუციისადმი ერთგულება.
საკონსტიტუციო სასამართლომ რომც არ შეაჩეროს ამ კანონის მოქმედება ან თუნდაც საერთოდ არ მიიღოს სარჩელი წარმოებაში, ასე რომც მოხდეს, თუ რამდენიმე მოსამართლეს ექნება საწინააღმდეგო მოსაზრება, ეს თავისთავად უკვე შედეგი იქნება გარკვეულწილად, იმიტომ, რომ ჩვენ ვიმყოფებით მაინც პოლიტიკურ პროცესში. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეს კანონი მაინც ვერ ამოქმედდება ისე, როგორც ხელისუფლებას უნდა არჩევნებამდე, სრულიად ცხადია. ასე რომ, ეს თემაც არის პოლიტიკური პროცესის ნაწილი და ვნახოთ რა მოხდება სასამარლოში, ვინ ზის ივანიშვილის ჯიბეში, რომელი მოსამართლე და რომელმა მოსამართლემ შეინარჩუნა ღირსება და ერთგულება ქვეყნის კონსტიტუციისადმი, გარკვეული ლუსტრაციის პროცესი მიმდინარეობს ახლა მთლიანად საზოგადოებაში, - ამბობს გია ხუხაშვილი.
რუსულ კანონს დღეს პრეზიდენტი სანსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს. სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ "ოცნების" მიერ მიღებული კანონი ანტიეროვნული და კონსტიტუციასთან შეუსაბამოა.