POLITICO: ევროკავშირი უნგრეთის მიერ ორგანიზებული საგარეო საქმეთა მინისტერიალის ბოიკოტს აპირებს
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები უნგრეთის მიერ ორგანიზებული მინისტერიალისთვის ბოიკოტის გამოცხადებას აპირებენ და აგვისტოში ალტერნატიული შეხვედრის გამართვას გეგმავენ, - ამის შესახებ გავლენიანი გამოცემა POLITICO წერს.
უნგრეთი, რომელიც თავმჯდომარეობს ევროკავშირის საბჭოს, გეგმავს უმასპინძლოს საგარეო საქმეთა სამიტს ბუდაპეშტში 28-29 აგვისტოს. როგორც POLITICO წერს, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტებმა მოსკოვსა და პეკინში ევროკავშირის წევრი ქვეყნების უკმაყოფილება გამოიწვია, რის გამოც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ეძებენ გზებს თუ როგორ აარიდონ თავი "ორბანის პროპაგანდისტულ შოუში" მონაწილეობას.
POLITICO-ს სტატიაში აღნიშნულია, რომ ამ მიზნით ჯოზეფ ბორელი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებს ორბანის მიერ ორგანიზებული სამიტის დროს, "ფორმალურ" შეხვედრაზე დაიბარებს.
გავრცელებული ცნობით, ეს გეგმა არაფორმალურად უკვე განიხილეს საფრანგეთთან და გერმანიასთან. ამ კვირაში ბორელი მას ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს გააცნობს.
„თუკი იმავე დღეს იქნება ოფიციალური საგარეო საქმეთა საბჭო, რომელიც ორგანიზებულია უმაღლესი წარმომადგენლის [ბორელის] მიერ, მინისტრები ვერ შეძლებენ ბუდაპეშტში წასვლას“, - თქვა ერთ-ერთმა დიპლომატმა.
POLITICO-სთან საუბარში ანონიმური წყარო აცხადებს, რომ ორბანის მიერ ორგანიზებული სამიტისთვის ბოიკოტის გამოცხადებით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს სურთ, აჩვენონ, რომ „უნგრეთი არ საუბრობს ევროკავშირის სახელით“.