"ოცნებას" ჰგონია, რომ გიორგი გახარია არჩევნებზე 5-პროცენტიან ბარიერს ვერ გადალახავს

15.07.24 15:24
"ოცნებას" ჰგონია, რომ გიორგი გახარია არჩევნებზე 5-პროცენტიან ბარიერს ვერ გადალახავს

"ქართულ ოცნებას" ჰგონია, რომ გიორგი გახარია არჩევნებზე 5-პროცენტიან ბარიერს ვერ გადალახავს და ამიტომ ცდილობს "ლელოსთან" ალიანსის შექმნას. ეს განცხადება დღეს გივი მიქანაძემ გააკეთა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შეეცადა საზოგადოება დაერწმუნებინა, რომ ოპოზიციას მე-11 მოწვევის პარლამენტში იმდენად უნდა მოხვედრა, რომ მზადაა საკუთარ პრინციპებზე უარი თქვას.

ხელისუფლებას, როგორც ჩანს, ხაზარაძე-გახარიას სავარაუდო ერთობის შესახებ დაწყებული მსჯელობა ისე აშინებს, რომ ახლა ყველა გზით ცდილობს ეს ალიანსი არ შედგეს.

გიორგი გახარია ხედავს, რომ მის პოლიტიკურ გუნდს არანაირი შანსი არ აქვს, რომ 5%-იანი ბარიერი გადალახოს და თუნდაც მინიმალურად იყოს წარმოდგენილი მე-11 მოწვევის პარლამენტში. თუმცა, მეორეს მხრივ, გარკვეულწილად ღიმილისმომგვრელია ის გარემოება, რომ გიორგი გახარია საუბრობს ისეთ რაღაცაზე, რაც პირდაპირ მიუთითებს „ლელოსთან“ ალიანსის შესაძლებლობაზე. „ლელოსთან“, რომელსაც ხელმძღვანელობს მამუკა ხაზარაძე და რომელთანაც მას რამდენიმე წლის წინ, საჯაროდ, ღიად ჰქონდა ისეთი დაპირისპირება, რომ პირად შეურაცხყოფაზე და პირად დაპირისპირებაში გადაიზარდა ეს ყველაფერი. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, როგორი უპრინციპო ოპოზიცია გვყავს. იმისათვის რომ რამდენიმე ადგილი მოიპოვონ მე-11 მოწვევის პარლამენტში, მზად არიან, რომ ყველანაირი ის დაპირისპირება, რომელიც საჯაროდ ყველასთვის ცნობილი იყო, აბსოლუტურად დაუვიწყონ და ახლა გაერთიანდნენ იმისთვის, რომ რამდენიმე ადგილი მოიპოვონ მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტში”, - განაცხადა მიქანაძემ.

ოპოზიციური პარტიების დისკრედიტაციას აგრძელებს პარლამენტის თავმჯდომარეც. შალვა პაპუაშვილი ნაციონალური მოძრაობის "ანასხლეტად" მოიხსენიებს გახარიას პარტიასაც და ლელოსაც.

საერთო ჯამში, ეს არის ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ეს ფლანგი, ის ფლანგი, ეს დანაყოფი, ის ანასხლეტი, ეს არის მხოლოდ ტაქტიკა და მანევრი. ვის ვისთანაც ეტყვიან, რომ შენ იმასთან ერთად უნდა გაერთიანდე, გუშინ რომ მამასისხლად იყვნენ ერთმანეთზე გადაკიდებული, დღეს ერთად ჯდებიან, იმიტომ, რომ ასე უთხრეს, მიიღეს ბრძანება, მითითება, ინსტრუქცია - მოქმედებენ ინსტრუქციის მიხედვით. კოალიციები შექმნეს ნაციონალურ მოძრაობასთან და პირდაპირ ეთერში ორივე ისხდნენ, გახარიას პარტიის და ენმ-ის წარმომადგენელი და ერთი ამტკიცებდა არ ვართო და მეორე ამბობდა, როგორ არ ხართო,  ჩვენთან ერთად ხართო და ასე, ნაჩხუბარი ცოლ-ქმარივით არიან ხანდახან ხოლმე, რომ უნდა მოაჩვენონ საზოგადოებას,“ - ამბობს პაპუაშვილი.

 

 

მსგავსი სიახლეები