გახარია რუხაძეზე: ხალხის ღალატის ფასს ყველა პერსონალურად გადაიხდის, ეს დრო უკვე მოდის
"გუშინდელი სამარცხვინო ინტერვიუს შემდეგ ეს კაცი ივანიშვილის თოჯინებში დაწინაურდა!" - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს და იმედის მფლობელის ირაკლი რუხაძის განცხადებას ეხმაურება.
რუხაძემ, რომელმაც კონსტიტუციაში ევროინტეგრაციაზე ჩანაწერს სისულელე უწოდა, გახარიას შეფასებით, ივანიშვილი დავალება შეასრულა.
ის გახდა პირველი ადამიანი, რომელმაც ივანიშვილის დავალებით, ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციის ჩანაწერი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.
ადამიანი, რომელსაც თავად ამერიკის პასპორტი აქვს და ევროპაში ცხოვრობს, საკუთარი ფულის გადასარჩენად და ივანიშვილის დავალებით, საკუთარი პროპაგანდისტული ტელევიზიიდან ჩვენს შვილებს არწმუნებს, რომ ევროპა ცუდია.
ეროვნული ინტერესების და ხალხის ღალატის ფასს ყველა პერსონალურად გადაიხდის! დროის საკითხია და ეს დრო უკვე მოდის," - წერს გახარია.