რუხაძე წარმოადგენს ივანიშვილის უახლოეს გარემოცვას, ეს განცხადება, როგორ ჩანს, მოდის ივანიშვილიდან - ჯაფარიძე
"ეს განცხადება, როგორ ჩანს, მოდის ივანიშვილიდან და ეს განცხადება არის კიდევ ერთი დასტური იმის, რომ ქართულ ოცნებას არ აქვს სურვილი, საქართველო გაწევრიანდეს ევროპის კავშირში," - ამის შესახებ "ერთიანობის" ლიდერი გია ჯაფარიძე საუბრობს.
გია ჯაფარიძე თვლის, რომ იმედის მფლობელის განცხადება კონსტიტუციაში არსებულ 78-ე მუხლთან დაკავშირებით, რასაც ირაკლი რუხაძე სისულელეს უწოდებს, საყურადღებოა, რადგან ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირია.
ჩვენ რამდენადაც ვიცით, ირაკლი რუხაძე წარმოადგენს ბატონ ივანიშვილის უახლოეს გარემოცვას, აქედან გამომდინარე, მის განცხადებას ამიტომაც აქვს მნიშვნელობა. ეს განცხადება, როგორ ჩანს, მოდის ივანიშვილიდან და ეს განცხადება არის კიდევ ერთი დასტური იმის, რომ ქართულ ოცნებას არ აქვს სურვილი, საქართველო გაწევრიანდეს ევროპის კავშირში, ქართულ ოცნებას არ აქვს სურვილი, საქართველო გაწევრიანდეს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში,“ - ამბობს გია ჯაფარიძე.
ბიზნესმენი ირაკლი რუხაძე ამბობს, რომ კონსტიტუციაში ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით ჩაწერილი სიტყვები სისულელეა. საუბარია 78-ე მუხლზე, რომლის მიხედვითაც ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისთვის სახელმწიფო ორგანოებმა ყველა ზომა უნდა მიიღონ.