"ოცნების" რუსული ტიპის პროპაგანდა ძლიერი და ეფექტურია - კალანდაძე
"ჭავჭავაძის ცენტრის" დირექტორი, ნინო კალანდაძე "ქართულ ოცნებას" საქართველოში რუსული პროპაგანდის გატარებაში ადანაშაულებს და "საჯარო პოლიტიკის" ეთერში აცხადებს, რომ ივანიშვილის ხელისუფლებამ სამოქალაქო სექტორს, ოპოზიციას და სახელმწიფო ინსტიტუტებს სახელი შეუბღალა და მათი დისკრედიტაცია მოახდინა.
საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი "ოცნების" ბოლოდროინდელ ქმედებებთან დაკავშირებით საუბრობს და დასძენს, რომ ამჟამინდელი მთავრობის ამოცანაა, ქართველ ხალხს ევროკავშირზე უარი ათქმევინოს და ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი კონსტიტუციურადაც შეაჩეროს.
ჩემი აზრით, "ქართული ოცნების" რუსული ტიპის პროპაგანდა არის ძალიან ძლიერი და ეფექტური ბევრი მიმართულებით. მათ წარმატებით მოახდინეს სამოქალაქო სექტორის დემონიზება, სახელმწიფოს ინსტიტუტების დისკრედიტაცია, ოპოზიციის გაშავება საზოგადოების თვალში. რაც მათ ვერ მოახერხეს არის ის, თუ რა მიზანსაც ემსახურება მთელი ეს გაშავების კამპანია. მათ ვერ მოახერხეს და საქართველოს მოქალაქეებს ვერ შეაზიზღეს ევროპა და ევროკავშირი. რუხაძე ახმოვანებს ივანიშვილს. ის არის გაცილებით ივანიშვილის გამხმოვანებელი, ვიდრე პაპუაშვილია. მან ჩვენ უნდა გვითხრას, რომ ამ ჩანაწერის გაუქმება ხალხის დაკვეთაა. მათ ახლა ფორმულირება უნდა გადააკეთონ და თქვან, რომ ევროკავშირი რომ არ გვინდა, ეს ხალხს არ უნდა. მიზანი არის ის, რომ ეს გამყარდეს კონსტიტუციური გზითაც. მათი მიზანია, რომ ევროკავშირზე უარი თქვას ქართველმა ხალხმა", - ამბობს კალანდაძე.
ბიზნესმენი ირაკლი რუხაძე ამბობს, რომ კონსტიტუციაში ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით ჩაწერილი სიტყვები სისულელეა. საუბარია 78-ე მუხლზე, რომლის მიხედვითაც ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისთვის სახელმწიფო ორგანოებმა ყველა ზომა უნდა მიიღონ.