მრავალმილიონიანი ქონება "ოცნების" ანგარიშზე - ვინ დააფინანსა ახალი ოფისი?
ახლი მრავალმილიონიანი ქონება "ქართული ოცნების" ანგარიშზე - დღეიდან ივანიშვილის პარტია როსტომ მეფის სასახლიდან სამუშაოდ ორთაჭალაში, გორგასლის 20 ნომერში, ახალ ოფისში გადადის.
მმართველი პარტია ბინას ძალოვნების კვარტალში დადებს: საერთო ღობე კრიმინალურ პოლიციასთან, მოსაზღვრედ კი შინაგან საქმეთა სამინისტრო და გენერალური პროკურატურაა.
- ოფისის მიმდებარე ტერიტორია 4953 კვ.მ-ია, საოფისე ფართი - 8460 კვ.მ. საჯარო რეესტრში ატვირთულ დოკუმენტებით ირკვევა, რომ ახალი საოფისე ფართი ივანიშვილის პარტიამ განვადებით შეიძინა. სხვა ხარჯები, მათ შორის - ოფისის მშენებლობისა და შესყიდვის საფასურის შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის უცნობია.
მშენებლობა დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ოფისის მოწყობის სამუშაოებს კი პარტიის ლიდერები თავად ზედამხედველობდნენ.
ირკვევა, რომ პარტიის შენობა "ქართულმა ოცნებამ" პრეზენტაციამდე ერთი დღით ადრე იყიდა. ხელშეკრულება კომპანია "ნიუ ოფისთან" გუშინ გაფორმდა, რაც კორუფციის მკვლევარებს უჩენს ეჭვს, რომ ეს ყველაფერი ახალი სავარაუდო თაღლითობაა.
- "ნიუ ოფისი" ბიზნესმენ დავით ანდღულაძეს ეკუთვნის.
ხელშეკრულების დეტალები უცნობია, თუმცა რისი გარკვევაც ამ დროისთვის არის შესაძლებელი არის ის, რომ მმართველმა პარტიამ აღნიშნული შენობა განვადებით აიღო.
კორუფციის მკვლევარები შავი ფულის შესაძლო გათეთრებაზე საუბრობენ - ბესიკ დონაძე "პირველებს" ეუბნება, რომ წარმოუდგენელია, კომპანიას ოფისი წინასწარი შენატანის გარეშე ააშენებინო.
,,ქართული ოცნების, თეთრ ფერად შეღებილი ოფისი არის ფულის გათეთრებით აშენებული ოფისი. წარმოიდგინეთ, რომ კომპანიას ააშენებინებს ოფისი ყოველგვარი წინასწარი შენატანების გარეშე. 2023 წლის დეკლარაციაში არ აქვს "ქართულ ოცნებას" მითითებული, რომ აშენებეს ოფისს, ან რამე თანხა გადაიხადა მშენებლობისთვის. პირიქით, 2023 დახურეს ისე, რომ 11 მილიონი ლარი ჰქონდათ ანგარიშზე.
ანუ, კომპანიამ აუშენა მისი თანხებით შენობა ნაგებობა, ეხლა მრავალწლიანი განვადებით მისცა, რომ ქართულმა ოცნებამ ფული გადაიხადოს, აქ ცალსახად იკვეთება საეჭვო კორუფციული გარიგება"- აცხადებს დონაძე.
შეგახსენებთ, "ქართული ოცნებისთვის" ჩუმად აშენებულ ოფისზე ჟურნალისტური გამოძიება "ტვ პირველის" "შაბათის ეთერში" მიმდინარე წლის 10 თებერვალს გავიდა.