რა განზრახვა აქვს? დააშინოს ჟურნალისტი, რომ აღარ მოამზადოს ჟურნალისტური გამოძიება - ნოდარ მელაძე ECPMF-ის უმწვავეს ანგარიშზე
სასამართლო დავები ჟურნალისტების წინააღმდეგ, დაშინების და ძალადობის შემთხვევები - თავისუფალი მედიის ევროპული ცენტრის უმწვავეს ანგარიშს "ტვ პირველის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე ეხმაურება.
ნოდარ მელაძის თქმით, არაერთ ანგარიშშია ასახული ის საქმეები, რაზეც ახლაც კი მიდის დავა სასამართლოში, სადაც მომჩივანი ხელისუფლების წარმომადგენლები ან მათი ოჯახის წევრები არიან. მელაძე სასამართლო დავებს და მიმდინარე პროცესების უკან ხედავს ხელისუფლების განზრახვას, რომ დააშინონ ჟურნალისტები, რათა აღარ დასვან კრიტიკული კითხვები.
არაერთ ანგარიშში გვხვდება „ქართული ოცნების“ პირველი პირების მიერ სასამართლოში სრულიად უსაფუძვლოდ დაწყებული დავები ჟურნალისტების წინააღმდეგ, მათ შორის ჩვენი, გამომძიებელი ჟურნალისტების წინააღმდეგ. ეს არის იგივე ირაკლი ღარიბაშვილის მამა, ახლა ბოლო შემთხვევა გვაქვს, რომელიც რაზე დავობს, მართლაც სრულიად აბსურდული სარჩელი აქვს შეტანილი სასამართლოში, ალექსანდრე ჭიკაიძე, მანამდე იყო კახი კალაძის შემთხვევა და არსებობს სასამართლოში ერთი წრე მოსამართლეების, რომელიც ხელისუფლების ამ სურვილს, რომ დააშინონ ჟურნალისტები, უწყობენ ხელს უდიდესი ფინანსური სანქციებით ჟურნალისტების წინააღმდეგ და უდიდესი რესურსებით ტელევიზიებისთვის, იმიტომ, რომ ჩვენ გვიწევს იურისტებთან ერთად სასამართლოებში სიარული და ამ დავების წარმართვა.
რა განზრახვა აქვს? დააშინოს ჟურნალისტი, რომ აღარ მოამზადოს ჟურნალისტური გამოძიება, აღარ დასვას კრიტიკული კითხვები, ხელისუფლების წარმომადგენელს თავისი ობიექტური მუშაობით და მხილებით არ შეუქმნას დისკომფორტი", - ამბობს ნოდარ მელაძე.
მედიის დევნა საქართველოში - უმწვავეს ანგარიშს თავისუფალი მედიის ევროპული ცენტრი აქვეყნებს. გერმანული ორგანიზაციის წარმომადგენლები თბილისში იმყოფებოდნენ, სადაც ჟურნალისტებს ესაუბრნენ და მედიის მდგომარეობა ადგილზე შეისწავლეს. ანგარიშის ავტორები პირდაპირ წერენ, რომ ქართული მედია და განსაკუთრებით დამოუკიდებელი მედია, ეგზისტენციური საფრთხის წინაშე დგას.