მოველოდი, რომ „კლანის“ მხრიდან საწინააღმდეგო ღონისძიება იქნებოდა მიღებული - კახა წიქარიშვილის პირველი კომენტარი
„ვფიქრობ, რომ ეს გარკვეულწილად არის სისტემის რეაქცია ჩემს დანიშვნასთან დაკავშირებით,“ - ასე აფასებს კახა წიქარიშვილი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც პრეზიდენტის განკარგულების აღსრულება შეაჩერა, რის გამოც კახა წიქარიშვილი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრად მუშაობას ხვალიდან ვერ დაიწყებს.
კახა წიქარიშვილი „დღის ამბებთან“ ამბობს, რომ ელოდა სასამართლო კლანის მხრიდან მის წინააღმდეგ რეაქციას, როდესაც პრეზიდენტმა ის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად დაამტკიცა.
კახა წიქარიშვილისთვის საეჭვო გარემოებაა, როდესაც საქალაქო სასამართლოში მის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელზე დაუყოვნებლივ მიიღო მოსამართლემ გადაწყვეტილება, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც თვეობით იწელება სასამართლო პროცესები.
მე მოველოდი, რომ რაღაც საწინააღმდეგო ღონისძიება იქნებოდა მიღებული სასამართლოში არსებული კლანის მხრიდან, თუმცა კონკრეტულად როგორ და რა მეთოდი იქნებოდა მე არ ვიცოდი და ესეც მოხდა. მე ვფიქრობ, რომ ეს გარკვეულწილად არის სისტემის რეაქცია ჩემს დანიშვნასთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ ერთ დღეში, განცხადების შეტანიდან რამდენიმე საათში განკარგულების შეჩერება, იმ დროს, როდესაც სასამართლოში საქმეები თვეები და წლები ჭიანურდება და ვერ იცლიან ხანდახან თვეების განმავლობას გადახედონ საქმეებს, ეს თავისთავად მეტყველებს, რომ სისტემა ძალიან სწრაფად რეაგირებს თავის დასაცავად. მე მგონია, რომ ეს არის სისტემის მიერ თავის დასაცავად გადადგმული ნაბიჯი,“ - ამბობს წიქარიშვილი.
რაც შეეხება იმას, თუ რა უდევს მანუჩარ კაკოჩაშვილის სარჩელს, რომელიც კახა წიქარიშვილთან ერთად მონაწილეობდა პრეზიდენტის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის შერჩევის კონკურსში, ამასთან დაკავშირებით, იურისტი ამბობს, რომ მოსარჩელე თვლის, რომ მიუკერძოებლობის პრინციპი დაირღვა კონკურსის დროს.
რაც შეეხება სარჩელის საფუძველს, მე ზეპირად გავეცანი პრეზიდენტის აპარატის მხრიდან, რა არის საფუძველი, როგორც გადმომცეს სარჩელის საფუძველი არის ის, რომ კონკურსის დროს დარღვეულ იქნა მიუკერძოებლობის პრინციპი. ანუ კომისიის წევრი ბესო ლოლაძე, რომელიც არის დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფის წევრი, მან არ აიცილა კომისიაში მონაწილეობა, ასევე, ნონა ქურდოვანიძეზე არის ყურადღება გამახვილებული, რომ მე წარმადგინა საია-მ 2013 წელს და შესაბამისად, ნონა ქურდოვანიძესაც ეს უნდა აეცილებინა და მესამე საფუძველი, როგორც ვიცი არის ის, რომ კომისიამ არ დამისვა შეკითხვები ჩემს კვალიფიკაციასთან დაკავშირებით, განსხვავებით სხვა კანდიდატებისგან,“ - ამბობს წიქარიშვილი.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის განკარგულება თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს შეაჩერა. "პირველებმა" მოიპოვა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც პრეზიდენტის ბრძანების მოქმედება შეჩერდა.
პირი, ვინც კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის განკარგულების შეჩერება მოითხოვა, სავარაუდოდ, მანუჩარ კაკოჩაშვილია. ის კახა წიქარიშვილთან ერთად საბჭოს წევრის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობდა, თუმცა მას შესარჩევმა კომისიამ რეკომენდაცია არ გაუწია საბჭოს წევრად დანიშვნის მიზნით.
ვინ განიხილა პრეზიდენტის განკარგულების აღსრულების შეჩერებაზე შესული სარჩელი? - საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ დღეს მიიღო გადაწყვეტილება. "პირველების" ინფორმაციით, კახა წიქარიშვილის დანიშვნის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლე ლიელა ფოლადიშვილმა მიიღო.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, "პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებაში უპრეცედენტო ჩარევად" აფასებს.