„მეტი მტკიცებულება აღარ არის საჭირო, რომ სასამართლოში კლანი არსებობს“ - ლალიაშვილი საქალაქოს გადაწყვეტილებზე

22.07.24 20:50
„მეტი მტკიცებულება აღარ არის საჭირო, რომ სასამართლოში კლანი არსებობს“ - ლალიაშვილი საქალაქოს გადაწყვეტილებზე

პრეზიდენტის განკარგულების აღსრულების შეჩერება არის გაფრთხილება, რომელსაც მომავალი არჩევნებისთვის მძიმე შედეგები შეიძლება მოჰყვეს - ასე აფასებს უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, თამარ ლალიაშვილი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც პრეზიდენტის განკარგულების აღსრულება შეაჩერა, რის გამოც კახა წიქარიშვილი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრად მუშაობას ხვალიდან ვერ დაიწყებს.

მისი თქმით, სასამართლომ  თვითლუსტრაცია სასამართლომ მოახდინა.

მეტი მტკიცებულება აღარ არის საჭირო, რომ სასამართლოში კლანი არსებობს. ეს ის მოსამართლეა, რომელმაც დღეს, საქართველოს პრეზიდენტს მისი კონსტიტუციური უფლების სრულიად განხორციელების შესაძლებლობა  შეუჩერა თავისი გადაწყვეტილებით. პარალელურად ეს ის მოსამართლეა, რომელმაც ანტიკორუფციულ ბიუროს მურუსიძის დეკლარაციების გამოქვეყნების შესაძლებლობა შეუჩერა.   ეს არის გაფრთხილება მომავალი არჩევნებისადმი თუ რა მძიმე შედეგები შეიძლება იყოს, იმიტომ რომ ძალაუფლება ერთი ადამიანის ხელშია“ - განაცხადა თამარ ლალიაშვილმა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის განკარგულება თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს შეაჩერა. "პირველებმა" მოიპოვა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც პრეზიდენტის ბრძანების მოქმედება შეჩერდა. 

პირი, ვინც კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის განკარგულების შეჩერება მოითხოვა, სავარაუდოდ, მანუჩარ კოკოჩაშვილია. ის კახა წიქარიშვილთან ერთად საბჭოს წევრის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობდა, თუმცა მას შესარჩევმა კომისიამ რეკომენდაცია არ გაუწია საბჭოს წევრად დანიშვნის მიზნით.

ვინ განიხილა პრეზიდენტის განკარგულების აღსრულების შეჩერებაზე შესული სარჩელი? - საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ დღეს მიიღო გადაწყვეტილება. "პირველების" ინფორმაციით, კახა წიქარიშვილის დანიშვნის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლე ლიელა ფოლადიშვილმა მიიღო.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, "პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებაში უპრეცედენტო ჩარევად" აფასებს

მსგავსი სიახლეები