„ქართული ოცნება“ პოლიტიკური ხრწნის ბოლო ფაზაშია" - ჯაფარიძე

22.07.24 21:36
„ქართული ოცნება“ პოლიტიკური ხრწნის ბოლო ფაზაშია" - ჯაფარიძე

„ქართული ოცნება“ პოლიტიკური ხრძნის ბოლო ფაზაშია" -  ამის შესახებ ლელოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ბადრი ჯაფარიძემ ეკა მიშველაძის ''საჯარო პოლიტიკის'' ეთერში განაცხადა, რითიც  საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეაფასა.

საუბარია პრეზიდენტის განკარგულების აღსრულების შეაჩერებაზე.

"ლელოს" ლიდერი არ გამორიცხავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილება, "კობახიძის მიერ ორგანიზებული სპეცოპერაციაა".

„ქართული ოცნება“ პოლიტიკური ხრწნის ბოლო ფაზაშია. დღევანდელი სასამართლო გადაწყვეტილება, ალბათ, კობახიძის მიერ ორგანიზებული სპეცოპერაციაა.
ასეთი ქვეყანა უნდა მათ, მაგრამ ასეთი ქვეყანა არ უნდა  ქართველ ხალხს. ქართველ ხალხს არ უნდა ქვეყანა, სადაც მმართველი პარტიის თავმჯდომარეს შეუძლია, სასამართლოს მიაღებინოს ნებისმიერი გადაწყვეტილება.  ასეთი ქვეყანა აუცილებლად უფსკრულში გადაიჩეხება. 

დღეს რაც ვნახეთ, ეს არის „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებული სპეცოპერაცია  სასამართლოს ხელით, რომ არ დაუშვან კეთილსინდისიერი, სამართლიანობისთვის მებრძოლი ადამიანი, კომპეტენტური ადამიანი. 

ის რაც დღეს სასამართლომ გააკეთა, ეს არის დღევანდელი სასამართლოსთვისაც კი უპრეცედენტო რამ. ისეთი გადაწყვეტილება მიიღო, რომ ერთის მხრივ დაბლოკა პრეზიდენტის მიერ დანიშნული წევრი და პრეზიდენტიც დაბლოკა, აუკრძალა მას ახალი კონკურსის ჩატარება" - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის განკარგულება თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს შეაჩერა. "პირველებმა" მოიპოვა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც პრეზიდენტის ბრძანების მოქმედება შეჩერდა. 

პირი, ვინც კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის განკარგულების შეჩერება მოითხოვა, სავარაუდოდ, მანუჩარ კოკოჩაშვილია. ის კახა წიქარიშვილთან ერთად საბჭოს წევრის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობდა, თუმცა მას შესარჩევმა კომისიამ რეკომენდაცია არ გაუწია საბჭოს წევრად დანიშვნის მიზნით.

ვინ განიხილა პრეზიდენტის განკარგულების აღსრულების შეჩერებაზე შესული სარჩელი? - საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ დღეს მიიღო გადაწყვეტილება. "პირველების" ინფორმაციით, კახა წიქარიშვილის დანიშვნის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლე ლიელა ფოლადიშვილმა მიიღო.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, "პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებაში უპრეცედენტო ჩარევად" აფასებს

მსგავსი სიახლეები