იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრობის კანდიდატის შესარჩევი კომისია ბრიფინგს გამართავს
ხვალ, 10 საათზე ორბელიანების სასახლეში იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრობის კანდიდატის შესარჩევი კომისია ბრიფინგს გამართავს.
თემა დიდი ალბათობით საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაა, რომელმაც პრეზიდენტის განკარგულების აღსრულება შეაჩერა, რის გამოც კახა წიქარიშვილი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრად მუშაობას ხვალიდან ვერ დაიწყებს.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის განკარგულება თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს შეაჩერა. "პირველებმა" მოიპოვა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც პრეზიდენტის ბრძანების მოქმედება შეჩერდა.
პირი, ვინც კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის განკარგულების შეჩერება მოითხოვა, სავარაუდოდ, მანუჩარ კოკოჩაშვილია. ის კახა წიქარიშვილთან ერთად საბჭოს წევრის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობდა, თუმცა მას შესარჩევმა კომისიამ რეკომენდაცია არ გაუწია საბჭოს წევრად დანიშვნის მიზნით.
ვინ განიხილა პრეზიდენტის განკარგულების აღსრულების შეჩერებაზე შესული სარჩელი? - საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ დღეს მიიღო გადაწყვეტილება. "პირველების" ინფორმაციით, კახა წიქარიშვილის დანიშვნის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლე ლიელა ფოლადიშვილმა მიიღო.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, "პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებაში უპრეცედენტო ჩარევად" აფასებს.