"სასამართლო პრეზიდენტის უფლებამოსილებაში უხეშად ჩაერია" - კომისიის ყოფილი წევრები
კონსტიტუციის უხეში დარღვევა - ასე აფასებენ პრეზიდენტის მიერ შექმნილი კომისიის უკვე ყოფილი წევრები პრეზიდენტის განკარგულების შეჩერებას. საქმე ეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის ბრძანებას, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლომ გუშინ შეაჩერა.
კომისიის წევრების საგანგებო ბრიფინგი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ცოტა ხნის წინ დასრულდა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატის შესარჩევი კომისიის თავმჯდომარე გურამ იმნაძე პირდაპირ ამბობს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება არ ემსახურება კანონის უზენაესობისა და საჯარო ინტერესებს და ამ გზით სასამართლო ცდილობს, უხეშად ჩაერიოს დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანოს - საქართველოს პრეზიდენტის ექსკლუზიურ უფლებამოსილებაში.
მიგვაჩნია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით მოსამართლე ლიელა ფოლადაშვილმა უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ხელისუფლების დანაწილების პრინციპი და შეიჭრა 52-ე მუხლით გარანტირებულ საქართველოს პრეზიდენტის ექსკლუზიურ უფლებამოსილებაში - დამოუკიდებლად შეარჩიოს და დანიშნოს იუსტიციის საბჭოს ერთი არამოსამართლე წევრი.
აღნიშნული გადაწყვეტილებით მოსამართლემ ასევე უგულებელყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დანაწესი, რომელიც არ ავრცელებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოქმედებას პრეზიდენტის საქმიანობაზე. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება არ ემსახურება კანონის უზენაესობისა და საჯარო ინტერესებს და ამ გზით სასამართლო ცდილობს უხეშად ჩაერიოს დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანოს - საქართველოს პრეზიდენტის ექსკლუზიურ უფლებამოსილებაში.
აღნიშნული გადაწყვეტილება განსაკუთრებით სახიფათოა იმ ფონზე, რომ ამ გზით სასამართლომ, ფაქტობრივად, თვითნებურად აღიჭურვა თავი გააკონტროლოს, თუ ვინ შეიძლება დანიშნოს პრეზიდენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად და ვინ არა,- აცხადებენ კომისიაში.
საიას თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე ამბობს, რომ სასამართლოს აღნიშნული საქმე წარმოებაშიც არ უნდა მიეღო. მისი თქმით, საერთო სასამართლომ ამ გადაწყვეტილებით პრეზიდენტის უფლებამოსილება, დანიშნოს დამოუკიდებელი წევრი, მიითვისა.
საერთო სასამართლოს არ ჰქონდა უფლება, პრეზიდენტის განკარგულება შეეჩერებინა და საერთოდ, ეს საქმე არ უნდა მიეღო წარმოებაში. არ შეიძლებოდა, რა ვადაც არ უნდა იყოს, 5 თვე იქნება ეს, ეს პროცესი შეიძლება გაგრძელდეს წლობით, შეიძლება აპელაციაში გასაჩივრდეს, შემდეგ უეზენაეს სასამართლოში და ეს 4 წლიანი უფლებამოსილების ვადა, რომელიც კანდიდატს აქვს, ისე ამოიწუროს, რომ სასამართლო არ იყოს დასრულებული. ეს არის წარმოუდგენელი რამ, რომ კონსტიტუციის მთავარი დანაწესი, რომ პრეზიდენტია უფლებამოსილი, დანიშნოს დამოუკიდებელი წევრი, მიითვისა საერთო სასამართლომ, - განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის განკარგულება თბილისის საქალაქო სასამართლომ გუშინ შეაჩერა. "პირველებმა" მოიპოვა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც პრეზიდენტის ბრძანების მოქმედება შეჩერდა.
პირი, ვინც კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის განკარგულების შეჩერება მოითხოვა, სავარაუდოდ, მანუჩარ კაკოჩაშვილია. ის კახა წიქარიშვილთან ერთად საბჭოს წევრის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობდა, თუმცა მას შესარჩევმა კომისიამ რეკომენდაცია არ გაუწია საბჭოს წევრად დანიშვნის მიზნით.
ვინ განიხილა პრეზიდენტის განკარგულების აღსრულების შეჩერებაზე შესული სარჩელი? - საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ დღეს მიიღო გადაწყვეტილება. "პირველების" ინფორმაციით, კახა წიქარიშვილის დანიშვნის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლე ლიელა ფოლადიშვილმა მიიღო.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, "პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებაში უპრეცედენტო ჩარევად" აფასებს.