"სასამართლომ საქართველოს კონსტიტუცია გააუქმა" - ანა ნაცვლიშვილი

23.07.24 11:44
"სასამართლომ საქართველოს კონსტიტუცია გააუქმა" - ანა ნაცვლიშვილი


"სამართლებრივი აბსურდი და საქართველოს კონსტიტუციის გაუქმება", - ასე აფასებს "ლელოს" წევრი ანა ნაცვლიშვილი სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც  პრეზიდენტის განკარგულება შეაჩერა. 

ოპოზიციის წევრის თქმით, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, იუსტიციის საბჭოში არ იყოს არცერთი ადამიანი, რომელიც "ოცნების" და კლანის ყურმოჭრილი მონა არ იქნება და საზოგადოების ინტერესებს დაიცავს. ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებას არ სურს სასამართლო სისტემაში ისეთი ადამიანი, რომელიც მათ დანაშაულებს სააშკარაოზე გამოიტანს. 

გუშინ სასამართლო კლანმა და ივანიშვილის „ოცნებამ“ გადაწყვიტა, რომ იუსტიციის საბჭოში 15 წევრიდან არცერთი ადამიანი არ უნდა იყოს ისეთი, რომელიც დაიცავს მოქალაქის ინტერესებს და უფლებებს და არ იქნება ხელისუფლების და კლანის ყურმოჭრილი მსახური. 15-დან ერთი ადგილიც კი არ ემეტებათ, რომ ამ ადგილას იჯდეს საზოგადოების ინტერესების წარმომადგენელი და ადამიანი, რომელიც ხმას აიმაღლებს სასამართლო სისტემაში უსამართლობების წინააღმდეგ. ეს არ არის ალბათ გასაკვირი იმ ხელისუფლებისგან და იმ სასამართლო კლანისგან, რომელმაც გადაწყვიტა, რომ მთელ ქვეყანას უვადოდ მიუსაჯოს მურუსიძე-ჩინჩალაძის სამართალი. ამ სამართლის გამოვლინება ვნახეთ ჩვენ ასევე გუშინ, როდესაც წარმოუდგენელ, დრაკონულ გადაწყვეტილებასთან გვაქვს საქმე სასამართლოს ხელით მიღებულთან, როდესაც ხელისუფლება მზად არის, ახალგაზრდა ადამიანებს ცხოვრება დაუნგრიოს და ათასობით სხვა ახალგაზრდას მომავალი წაართვას ამ ქვეყანაში, ოღონდ თავად შეინარჩუნოს ძალაუფლება.

გუშინ მიღებული გადაწყვეტილებით სასამართლომ ჩაიდინა სამართლებრივი აბსურდი - გააუქმა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული, დისკრეციული უფლებამოსილება. ვერ იპოვით ქვეყანაში ერთ კვალიფიციურ იურისტს მაინც, ვინც იტყვის, რომ ეს უფლებამოსილება სასამართლოს ჰქონდა. სასამართლომ გუშინ გააუქმა ამ ქვეყნის კონსტიტუცია და რატომ აკეთებს ამას? იმიტომ, რომ კლანი იყოს კომფორტში და საზოგადოების თვალი და ყური არ შევიდეს სასამართლო სისტემაში და არ მოგაწოდოთ თქვენ, საზოგადოებას, ამ ქვეყნის მოქალაქეებს ინფორმაცია იმის შესახებ, რა უსამართლობები და დანაშაულები ხდება სასამართლო სისტემაში. სასამართლო კლანმა ამით ამავე დროს, საქართველოს სასამართლოში მყოფ ცოტა, მაგრამ პრინციპულ და სამართლიან მოსამართლეებს ასევე წაართვა შესაძლებლობა, რომ პრინციპული და სამართლიანი მოსამართლეების დამცველი ერთი ადამიანი მაინც იყოს 15 კაციან საბჭოში. აი, ასე იმართება დღეს ქვეყანა და ამას სურთ, რომ გადააყოლონ ამ ქვეყნის მომავალი, ამ ქვეყნის ევროპულ კავშირში გაერთიანების შესაძლებლობა. აი, ასეთი სასამართლოს დაცვისთვის იბრძვის დღეს ხელისუფლება და არა მოქალაქეების უფლებების და ინტერესების დაცვისთვის. კარგი ამბავი აქ არის ის, რომ ამ ყველაფერს შეიძლება ვითმენდეთ მხოლოდ და მხოლოდ 3 თვე და 26 ოქტომბრის არჩევნებზე საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ შანსი, დაიბრუნონ სასამართლო სისტემა, რომელიც დღეს არის მიტაცებული კლანის და ივანიშვილის „ოცნების“ მიერ და დაიბრუნონ ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელიც ადამიანს უნდა ემსახურებოდეს და არა ხელისუფლების კომფორტს, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა. 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის განკარგულება თბილისის საქალაქო სასამართლომ  გუშინ  შეაჩერა. "პირველებმა" მოიპოვა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც პრეზიდენტის ბრძანების მოქმედება შეჩერდა. 

პირი, ვინც კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის განკარგულების შეჩერება მოითხოვა, სავარაუდოდ, მანუჩარ კოკოჩაშვილია. ის კახა წიქარიშვილთან ერთად საბჭოს წევრის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობდა, თუმცა მას შესარჩევმა კომისიამ რეკომენდაცია არ გაუწია საბჭოს წევრად დანიშვნის მიზნით.

ვინ განიხილა პრეზიდენტის განკარგულების აღსრულების შეჩერებაზე შესული სარჩელი? - საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ დღეს მიიღო გადაწყვეტილება. "პირველების" ინფორმაციით, კახა წიქარიშვილის დანიშვნის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლე ლიელა ფოლადიშვილმა მიიღო.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, "პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებაში უპრეცედენტო ჩარევად" აფასებს. 

 

მსგავსი სიახლეები