მოსამართლემ ანტირუსულ აქციაზე 400 ლარიანი ჯებირის დაზიანებისთვის დაკავებულები პატიმრობაში დატოვა
რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე ჯებირის დაზიანების გამო დაკავებულები 23 წლის საბა მეფარიშვილი და 19 წლის ომარ ოკრიბელაშვილი მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა. დაცვის მხარე დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ახალგაზრდებისთვის პატიმრობის გირაოთი შეცვლას ითხოვდა, რაც მოსამართლემ არ გაითვალისწინა.
უფლებადამცველებს თან ჰქონდათ შინაგან საქმეთა სამინისტროში 400 ლარის გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი. (გამოძიება აქტივისტებს 400-ლარიანი ნივთის (ჯებირის) დაზიანებას ედავება).
თანხა შინაგან საქმეთა სამინისტროს ანგარიშზე არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიული კვლევების ინსტიტუტმა“ (DRI) გადარიცხა, დამადასტურებელი ცნობა კი მოსამართლეს ადვოკატებმა წარუდგინეს, თუმცა მათი შუამდგომლობა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.
საბა მეფარიშვილი და ომარ ოკრიბელაშვილი რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე 14 მაისს დააკავეს. პროკურატურა მათ რკინის დროებითი ჯებირის დაზიანებისთვის ასამართლებს. წარდგენილი ბრალი 3-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
საქალაქო სასამართლოში მომდევნო სასამართლო პროცესი 30 ივლისს, 16:00 საათზე ჩაინიშნა.