რატომ არ ერთვება ვერტმფრენი სვანეთში დაკარგული ახალგაზრდების ძებნაში - საგანგებოს განმარტება

25.07.24 18:47
რატომ არ ერთვება ვერტმფრენი სვანეთში დაკარგული ახალგაზრდების ძებნაში - საგანგებოს განმარტება

"სამაშველო ოპერაციაში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩართვა მეტეოროლოგიური პირობების გამო, ამ ეტაპზე ვერ ხერხდება," - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს განცხადებას და სვანეთში დაკარგული ორი ახალგაზრდის ოჯახს პასუხობს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამაშველო ღონისძიებები მიმდინარეობს, თუმცა მეტეოროლოგიური პირობების გამო ვერტმფრენის ჩართვა ვერ ხერხდება. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებოს სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების თანამშრომლები, მეორე დღეა მესტიისა და ლენტეხის ტერიტორიაზე, ორი დაკარგული მოქალაქის ძებნა-შველის ოპერაციას ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებენ.

ძებნა-შველის ოპერაციაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების, თბილისის, იმერეთისა და მესტიის სამთო სამაშველო ძალები და სამაშველო დრონები არიან ჩართულები. 

სამაშველო ოპერაციაში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩართვა მეტეოროლოგიური პირობების გამო, ამ ეტაპზე ვერ ხერხდება.

საძიებო სამუშაოებში სახანძრო-სამაშველო ძალებთან ერთად ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამისი დანაყოფი. 

მომხდართან დაკავშირებით ინფორმაცია საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში 24 ივლისს შემოვიდა, რის შემდეგაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მყისიერი რეაგირება მოახდინა," - წერია განცხადებაში.

სვანეთის ტყეებში დაკარგულ ახალგაზრდებს გოგიტა ფარჯიანს და გიორგი გვიჩიანს მეხუთე დღეა ეძებენ. როგორც დაკარგულების ახლობლები წერენ, მეხუთე დღეა, რამდენიმე სამაშველო ეკიპაჟი უშედეგოდ ეძებს ორ ახალგაზრდას, თუმცა ამ დრომდე სამაშველო ვერტმფრენი ძებნა-შველის ოპერაციაში არ ჩართულა.